შეხვედრაზე იმსჯელეს ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგებზე, პერსპექტივებზე, ერთობლივ პროექტებსა და ამ პროექტებში ქართველი ფიზიკოსების ჩართვის თაობაზე.
ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტი წარმოადგენს საერთაშორისო სახელმწიფოთა შორის სამეცნიერო–კვლევით ორგანიზაციას, რომლის კვლევის სფეროს წარმოადგენს ბირთვული ფიზიკა. ინსტიტუტში გაერთიანებულია მსოფლიოს 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ინსტიტუტი თანამშრომლობს საერთაშორისი ორგანიზაციებთან Fermilab (აშშ), KEK (იაპონია) CERN (შვეიცარია) და DESY (გერმანია), მსოფლიოს 700–მდე სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან და 60 უმაღლეს სასწავლებელთან. აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში (LHC, FAIR, XFEL).
საქართველოს თითქმის ყველა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ფიზიკა–მათემატიკის დარგში წარმატებით თანამშრომლობს დუბნის კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველი ფიზიკოსების დასაქმებაში და მათ ჩართვაში საერთაშორისო პროექტებში. დღეისათვის 30–მდე ქართველი მეცნიერი წარმატებულად მოღვაწეობს აღნიშნული ინსტიტუტის კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.
ქართველ მეცნიერებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის დიდი საინფორმაციო ბაზით. ინსტიტუტთან არსებული სასწავლო– სამეცნიერო ცენტრი არის უნიკალური საშუალება ქართველი ასპირანტებისთვის გაიარონ პრაქტიკა და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. სტუდენტებისთვის შექმნილია სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მათ შესძლონ როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე შეიძინონ პრაქტიკული უნარ–ჩვევები და აქტიურად ჩაერთონ ინსტიტუტის სხვადასხვა ლაბორატორიების კვლევით საქმიანობაში.
ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტი მუდმივად ვითარდება საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით. ინსტიტუტის განვითარების სტრატეგია მოიცავს ახალი საბაზო დანადგარების შექმნას, არსებულთა განახლება–მოდერნიზირებას და საერთაშორისო პროექტებში აქტიური მონაწილეობას, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი: CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია), GSI (გერმანია), FNAL და BNL (აშშ). ყოველივე ზემოთ აღნიშნული ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს, როგორც სრულუფლებიან წევრს აქვს შესაძლებლობა უფრო მეტი სპეციალისტი ჩართოს და დაასაქმოს საერთაშორისო პროექტებში.