გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს შესაძლებლობას, ბერლინში რამდენიმე თვიანი პრაქტიკის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
პროგრამის მიზანია სტიპენდიანტებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.
სტიპენდიანტებს შესაძლებლობა ექნებათ 15 კვირის განმავლობაში (1 მარტიდან 31 ივლისამდე) გაეცნონ ბუნდესტაგის პარლამენტარის ბიუროს საქმიანობას, დაესწრონ კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებს, მონაწილეობა მიიღონ სემინარებსა და ბერლინის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში.
კანდიდატების შერჩევა მათი საგნობრივი, სოციალური, ენობრივი და ინტერკულტურული კომპეტენციების საფუძველზე მოხდება გერმანიის პარლამენტის დამოუკიდებელი კომისიის მიერ ბერლინის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართული ლინკის საშუალებით.