საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.
ლაბორატორია დღიდან დაარსებისა ჩართული იყო ფაკულტეტის სასწავლო პროცესში და აქ ყოველ სემესტრში ასეულობით სტუდენტისათვის ინტენსიურად ტარდება ლექციები და პრაქტიკული სამუშაობები. ლაბორატორიაში, ზაფხულის პერიოდში, სასწავლო-საველე პრაქტიკებს გადიოდნენ როგორც თსუ–ს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების (ტექნიკური, აგრარული და სოხუმის უნვერსიტეტები) სტუდენტები. გარდა ამისა, აქ ტრენინგებს გადიოდნენ საშულო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლებიც.
ლაბორატორიის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი კორპუსი, სადაც განლაგებული იყო აუდიტორიები და სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა, ორი მეტეომოედანი, წყალსაზომი საგუშაგო დაკიდული ჰიდრომეტრიული ხიდი, მდინარის დონეების თვითმწერი დანადგარი. ლაბორატორიაში წარმოებდა მდ. ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლა და დაკვირვებები. კერძოდ, ყოველდღიური დაკვირვებები მდ. ვერეს წყლის დონეებზე, ტემპერატურაზე და ხდებოდა წყლის ხარჯების გაზომვები. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში მოპოვებული მასალებით სარგებლობდა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო. ქუჩას, სადაც მდებარეობდა ლაბორატორია, მინიჭებული აქვს მისი ერთ–ერთი დამაარსებლის აკადემიკოს გივი სვანიძის სახელი.
აღნიშნული ლაბორატორია თავისი ფუნქციური დანიშნულებით მეტად მნშვნელოვანი იყო თსუ-სთვის. აქ მოპოვებული მასალები კი ძალზე აქტუალურია თბილისის მიდამოების თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად. განსაკუთრებით თუ გავითვალიწინებთ, რომ ის ერთ–ერთი იყო საქართველოში შემორჩენილ მცირე რაოდენობის სადგურებს შორის.
აღნიშნული ლაბორატორია მაღალ დონეზე შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმა და გადაწყდა მისი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში ”წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა” სასწავლო-საბაზო ცენტრად გამოყენება. ლაბორატორია საჭიროა ქვეყნისთვის. სპეციალისტები უმოკლეს დღეებში დადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფა