შეხვედრაზე სპეციალისტებმა პრეზენტაციის სახით სრულად წარმოადგინეს კონცეფციის თავიანთი ხედვა, პროექტის მიზანი და სტრატეგიული დანიშნულება - ჩვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვახორციელებთ პროექტს სახელწოდებით „ენერგეტიკის და ჰიდროლოგიის ქართული კვლევითი ინსტიტუტი“. ჩვენ ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ ყველაზე თანამედროვე ინსტიტუტი, სადაც სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვადასხვა კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაატარონ მრავალი ექსპერიმენტი და კვლევა ჩვენს ლაბორატორიებში, რომელიც დაეხმარება ქართულ მთავრობას ორგანიზება გაუწიოს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა - ჰიდროლოგია და ენერგეტიკა. მინდა დავამატო, რომ ძალიან ვწუხვარ, რაც დღეს თქვენს ქვეყანაში ხდება და მომავალში ვიმედოვნებთ ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარებით, ჩვენ გვექნება საშუალება შევისწავლოთ წყალდიდობების გამომწვევი მიზეზები და თავიდან ავირიდოთ მძიმე შედეგები - განაცხადა ბილფინგერის რეგიონალურმა დირექტორმა მასუდ მირზამ.
თანამედროვე სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში ქართველი მეცნიერები შეძლებენ გააკეთონ ისეთი საკითხების კვლევები, ექსპერტიზა და მოდელირება როგორიცაა ღვარცოფები, წვიმისაგან და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან გამოწვეული სტიქიები. აშენდება ჰესები და პორტები, რომელსაც სჭირდება ფიზიკური, ნატურული ექსპერიმენტები, ლაბორატორიული სივრცე და სწორედ ასეთი ცენტრი იქმნება ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია. ეს იქნება უმსხვილესი ცენტრი, რომელიც იქნება ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში.
ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება კვალიფიციური კადრების მომზადება და კვლევების წარმოება. ჰიდროინჟინერიის კვლევით ლაბორატორია იქნება პასუხისმგებელი არა მხოლოდ კადრების მომზადებაზე, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ექსპერტული დასკვნის გაცემაზე. ეს კონკრეტული პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს კვლევითი და საექპერიმენტო ბაზა ზუსტად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას - იქნება ეს წყლის მართვა, კატაკლიზმები, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია თუ სხვა. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ შესაბამისი კადრები მოვამზადოთ, ჩავატაროთ კვლევები და ექპერიმენტები, რომლებიც პრევენციის ნაწილშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას. ამ ცენტრში მასწავლებლებიც და პროფესორებიც თითქმის ერთწლიან უწყვეტ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას, როგორც საქართველოში ისე ავსტრიაში.
ახალი ლაბორატორია არის ნაწილი იმ სტარტეგიული მნიშვნელობის პროექტებისა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. მალე საქართველოში ამოქმედდება რამდენიმე ძლიერი ინსტიტუცია თავისი თანამედროვე საექსპერიმენტო ბაზით. ერთ-ერთი მათგანი - საუნივერსიტეტო კლინიკა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. მალე დასრულდება აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კველევითი დაწესებულების რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში ახალი ბაზებით განაახლებენ ფუნქციონირებას გამოთვლითი მათემატიკის, კიბერნეტიკის, კვანტური ფიზიკის ინსტიტუტები.