კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.
საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. გრანტების მოცულობა შესაძლოა იყოს 300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში.
პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზისა და წინასწარი წინადადებების შეგროვების საფუძველზე, განისაზღვრა საგრანტო კონკურსის მთავარი მიზნები, შემუშავდა დეტალური საგრანტო სახელმძღვანელო და შერჩევის და შეფასების გამჭვირვალე პროცედურები.
საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ბიზნესისა და დამსაქმებელთა მონაწილეობა წარდგენილ პროექტში, მათ შორის თანადაფინანსების სახით. საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს გარემოს, სოციალური, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვისა და გენდერული საკითხების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
წინადადებების წარდგენის პროცესი შედგება ორი ნაწილისგან: 1. პროექტის კონცეფციის წარმოდგენა; 2) სრული განაცხადის წარდგენა (მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტებისთვის). პროექტის კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 14 სექტემბერი.
მოთხოვნა წინადადების მიწოდებაზე (RfP) და განაცხადის ფორმები (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.
23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით აღნიშნული კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩატარდება საინფორმაციო დღეები და სამუშაო შეხვედრები შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირდნენ საინფორმაციო დღეებში მონაწილეობის მისაღებად. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია, PEM Consult.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ PEM Consult-ის საქართველოს წარმომადგენლობას:
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N27, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 (0)32-997310
ელ-ფოსტა: iswd@pem-consult.de