საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამავე დროს ეთნიკური უმცირესობებში დგას სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისათვის. შესაბამისად, დგება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ქართული ენის სწავლებისა და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების საჭიროება. ამიტომ აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურათა შორის დიალოგისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობას.
„მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისთვის“ მონაწილეები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის -„ჩემი კულტურა და ტრადიცია“ საფუძველზე შერჩეული 2014-2015 აკადემიური წლის მდგომარეობით საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე- ჯავახეთი) არაქართულენოვანი სკოლების/ სექტორების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლე და “ჩემი კულტურა და ტრადიცია“ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების 50 მასწავლებელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბაკურიანში მასწავლებელთა საზაფხულო სკოლას ეწვივნენ, სადაც კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 50 მასწავლებელი 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მინისტრი პედაგოგთა მხრიდან პროექტის შეფასებებს და მათ შთაბეჭდილებებს გაეცნო. ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილებზე არსებულ პრობლემებს და იმ მიღწევებს, რაც ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით არაქართულენოვან სკოლებში არსებობს.
პედაგოგებთან შეხვედრის მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და რომ ყველა მათგანს, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა და წარმოშობისა სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების საშუალება აქვს და რომ, ადამიანები რელიგიური, ან ეთნიკური ნიშნით კი არ ფასდება არამედ, ნიჭით, შრომისადმი სიყვარულით და პატრიოტიზმით.