გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „უნარები დასაქმებისთვის-მეორე ფაზა“ ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“ და პროფესიულ კოლეჯში „ფაზისი“ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ISO 9001-2008 განხორციელდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით საქართველოში. 2015 წლის ივნისში, საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოს (TUV) მიერ, აღნიშნული კოლეჯების სერტიფიცირება ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტში, რის შედეგადაც, მათ მიენიჭათ საერთაშორისო სერტიფიკატი.
კოლეჯებს, სერტიფიცირებისთვის მზადების პროცესში, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია UNDP-ის კონტრაქტორმა - შპს „მენეჯმენტის სისტემებმა“, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან. მომზადების ეტაპზე ჩამოყალიბდა პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ხარისხის მენეჯმენტის საკითხებზე, განხორციელდა პროფესიული კოლეჯების წინასწარი შეფასება და მათთვის ხარისხის სახელმძღვანელოს შემუშავება ISO 9001-2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, სხვა საკითხებთან ერთად, დაინერგა შემდეგი პროცესები:
ა) დოკუმენტაციის მართვა;
ბ) ხარისხის მენეჯმენტის სიტემის განვითარების დაგეგმვა;
გ) ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვა;
დ) პერსონალის მართვა;
ე) მომსახურების სასიცოცხლო ციკლის პროცესების დაგეგმვა და მართვა;
ვ) საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;
ზ) პერსონალის ტექნიკური უსაფრთხოების მართვა.
სერტიფიცირებულ კოლეჯებში, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მდგრადობის მიზნით, მომავალში გამოყენებულ იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებული ანალიზის/დაგეგმვის შესრულების მექანიზმი, რაც დაფუძნებულია შეუსაბამობის და რეკლამაციის მართვის თანამედროვე პრაქტიკაზე. სისტემის მდგრადობის შეფასების მიზნით, სასერთიფიკაციო ორგანო შეასრულებს ყოველწლიურ საზედამხედველო აუდიტს.
აღნიშნულ კოლეჯებში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ISO 9001-2008 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით, ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროფესიული კოლეჯების მართვას, ხარისხის მენეჯმენტის გაუმჯობესებას (მათ შორის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას) და კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდებას შრომის ბაზარზე.