2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა. განათლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შვილების განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა.
ამ მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლების პროცესთან დაკავშირებული ახალი ტენდენციების შესახებ მშობელთა ინფორმირება. სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლების პროცესის დაგეგმვისას, თანაბრად გასათვალისწინებელია ბილინგვური მიდგომა (ჟესტი და სამეტყველო ენის განვითარება ერთდროულად) და ფსიქოლოგიური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც რეალურად ეხმარება მშობელს გასცეს პასუხი მისი შვილის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას და მიიღოს სათანადო სერვისი.
პედაგოგისათვის, ბავშვის განვითარების პროცესში მშობელი ყველაზე კარგი მოკავშირეა. შესაბამისად, ნორვეგიის განათლების სამინიტროს დახმარებით, საქართველოში იმყოფებიან ექსპერტები ნორვეგიიდან (მათ შორის არის თავად ყრუ ბავშვის მშობელი), რათა ქართველ მშობლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. სასიხარულოა, რომ შეხვედრა რეგიონშიც გაიმართება და 60-ზე მეტი მშობელი შეძლებს ჩაერთოს აქტიურ დისკუსიაში.
სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, ამაღლდება მშობელთა ცნობიერება სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლების საკითხებზე და სისტემურ დონეზე საფუძველი ჩაეყრება მშობელთა გაძლიერების პროგრამას, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და უახლესი კვლევების შედეგებს.
მშობელთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებული იქნება მშობლებისთვის ჟესტური ენის სწავლება და თანმიმდევრული მეთოდოლოგია, რომელიც აცნობს მათ ბავშვის განვითარების თავისებურებებს, სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ბარიერებს, შესაძლებლობებს, რომელიც მათ შვილებს სწორი განათლებისა და რეაბილიტაციის პირობებში აქვთ. განსაკუთრებული ყურაღება გამახვილდება თითოეული ინდივიდის საჭიროებით გამოწვეული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე.
აღნიშნული პროგრამის პილოტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით და ნორვეგიის მთავრობით მხარდაჭერით 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს.