საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა გიორგი მარგიანს, ბექა მიქაძეს და ვახტანგ კონტრიძეს გამოგონებისთვის ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის „ჰარვესტერ-რეციკლერი“, ხუთი-ერთში. გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან. I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ ეკატერინე დადიანი, ცოტნე დადიანი და ნიკო გიორგაძე პროექტით „პეპლის ეფექტი“, ორმაგი პოტენციალური ორმოს მახასიათებლიანი ბი-სტაბილური ულტრამსუბუქი კარბონის კინემური წყვილის დამზადება და ბიფურკაციული თვისების გამოკვლევა; II ადგილი და 3 000 ლარი - ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და გიორგი ლომჯარია პროექტით - ტრანზისტორიდან პროცესორამდე; III ადგილი და 2 000 ლარი ერგოთ გიორგი შელეგიასა და ამირან აფციაურს პროექტით „ელექტრო გენერატორი Follow me“.
კონკურსის გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინტელის ფონდის დაფინანსებით გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF.
ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოფო მუჯირმა პერსონალური კომპიუტერი გადასცა გამარჯვებულებს. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ინოვაციური განათლების ფონდმა კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრები და დიპლომები გადასცეს. ასევე, გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს მთაწმინდის პარკისა და ბაკულურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლებმა.
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება და მისი მიზანია მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.