ახალი ელექტრონული სერვისის ამოქმედება უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყ6ნისთვის, ვინაიდან პორტალი გაამარტივებს საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვას და ერთ ელექტრონულ სივრცეში მოუყრის თავს უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სკოლების ციფრულ ჩანაწერებს. სერვისი განკუთვნილია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. მისი მომსახურებით ისარგებლებს საქართველოს 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 92 პროფესიული კოლეჯი, 2,334 სკოლა და 150 ათასამდე სტუდენტი.
ინტერნეტ პორტალი, რომელშიც განთავსდება საგანმანათლებლო ინფორმაცია და ციფრული ჩანაწერები (დიპლომები, ატესტატები, სერტიფიკატები, ა.შ) შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ების „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ მეშვეობით. ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა.
„ჩვენ ვამკვიდრებთ ინფორმაციის მართვის მაღალლტექნოლოგიურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სისტემას. ახალი ელექტრონული სერვისის მეშვეობით გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, გამარტივდება გადახდები, უფრო ხელმისაწვდომი გახდება საგანმანათლებლო ჩანაწერები, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბიუროკრატიას განათლების სისტემაში“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ ახალი სერვისი ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმას და, ვინაიდან, ახალი ტექნოლოგიები ეფუძნება ელექტრონული მმართველობის პრინციპებს, ეს არა მარტო გაზრდის განათლების ხარისხს, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ასი ათასობით სტუდენტსა და მასწავლებელს.
საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი სრულყოფილად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლების გადამზადება და არსებული საგანმანათლებლო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა.