18.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ისანი-სამგორის რაიონის 200-მდე პედაგოგს თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ისაუბრეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში განათლების რეფორმასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით ჩატარდა პედაგოგთა სერტიფიცირების საცდელი ტესტირება ქუთაისსა და თბილისში. პრეტესტის შედეგებით დადგინდა, რომ ნებაყოფლობითი სერტიფიცირება პედაგოგებისთვის მარტივად დაძლევადია. ასევე მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საბოლოოდ ჩამოყალიბდება საგამოცდო პროგრამა. მარტის ბოლოს, კი პედაგოგებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა იქნება გამოცდაზე გამსვლელი ქულა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტროსთვის სერტიფიცირება თვითმიზანი არ არის, - მთავარი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაა. სერტიფიცირებულ პედაგოგებს ასევე მოემატებათ ხელფასი. ამასთან, მათ მენტორ მასწავლებლებად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარის დამატებით შემოსავალს გულისხმობს.
მაია მიმინოშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა პედაგოგთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
ამ ტიპის შეხვედრების შედეგად მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები პირადად აცნობენ პედაგოგებს სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ.