ენა აძლიერებს სახელმწიფოს და სახელმწიფო აძლიერებს ენას − ეს ცნობილი ფრაზაა, რომლის დასტურია საქართველოს სახელმწიფოს ზრუნვა მისი მთავარი ძალის − ქართული ენის − განვითარებისთვის.
ქართული ენის ფუნქციონირებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა (კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი, კოდექსები, კანონები, ბრძანებულებები, დადგენილებები, ბრძანებები).
ჩვენი ქვეყანა იცავს სახელმწიფო ენას და აკონტროლებს მის მართებულად გამოყენებას. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედი ძირითადი დოკუმენტების (მკაცრი აღრიცხვის ფორმები: დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, პასპორტი, პირადობის მოწმობა, ვიზა, სხვადასხვა სახის სარეგისტრაციო მოწმობები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, უმაღლესი, პროფესიული, საშუალო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები და მრავალი სხვა) რეგისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მათი ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან („მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი).
ამჟამად ქართული ენა ისევე, როგორც სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნების ენები, სამი მიმართულებით ისწავლება: ქართული, როგორც მშობლიური ენა; ქართული, როგორც მეორე ენა; ქართული, როგორც უცხო ენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებების განვითარებაზე, სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე.
საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა სახელმწიფო ენის ცოდნა. ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიური ენების შენარჩუნების პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს მათთვის ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების თვალსაზრისით. ამ მხრივ აღსანიშნავია სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ − ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის როლი.
ქართული ენის პოპულარიზაციისა და უცხოელებისათვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სპეციალური პროგრამა „ირბახი,“ რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულის, როგორც უცხო ენის ახალ სასწავლო დისციპლინად ჩამოყალიბებას. ამ პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და იქმნება სხვადასხვა სახის სასწავლო-მეთოდური თუ დამხმარე მასალა. მასალები განთავსებულია ვებგვერდზე (www.geofl.ge) და ყველასათვის ხელმისაწვდომია. იგი განახლებადია და მუდმივად ივსება შემსწავლელთა საჭიროების გათვალისწინებით. გასული წლის 14 აპრილიდან დღემდე ვებგვერდმა 28 ათასამდე მომხმარებელი მოიზიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად იღწვის ზემოაღნიშნული მიმართულებების განვითარებისათვის, რამდენადაც ქართულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.