23 და 24 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ. დღეს, STEM აკადემია გახსნილად გამოაცხადეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესომა კენ უოლშმა.
ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული მე-12 კლასელებს გააცნონ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები.
მოწვეულ მეცნიერებს შორის იყვნენ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, აშშ-ის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში და ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ექსპრეზიდენტი, სტენლი მალოი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ვილიამ (ბილ) ტონგი. პროფესორი ტონგი ცნობილია მისი აღმოჩენით - ლაზერული ტექნოლოგიებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ძალიან მცირედი კონცენტრაციის მქონე ქიმიური ელემენტების გამოვლენა. ეს ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის ალცჰეიმერის, სიმსივნური და სხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და საგრძნობლად გაზრდის მათი განკურნების შანსს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის სწავლების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალან სვიდლერი, და SDSU-ს ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლალ თუმალა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები თბილისის STEM აკადემიის ფარგლებში, ლექციებს წაუკითხავენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებსაც (მათ შორის 40 მეთორმეტე კლასელს საქართველოს რეგიონებიდან) და მოაწყობენ საჯარო ლექციებს დაინტერესებული ქართველი აუდიტორიისთვის.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.