საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი ჩატარდა.
ფორუმზე სამეცნიერო კვლევების განვითარების სტრატეგიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა და Elsevier-ის წარმომადგენლებმა ლუსი ბუდოვამ და კრიშტოფ ჟიმანსკიმ ისაუბრეს. სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორებმა ასევე განხორციელეს „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობების დემონსტრირება.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. ასევე, შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლის განმავლობაში დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.
„გამოვთქვამ იმედს, რომ ელსევიერთან დაწყებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების ხარისხის განვითარებას, მის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და მის ინტეგრაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თავის სიტყვაში ასევე ისაუბრა, რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე ევროკომისიის ჩარჩო პროგრამა Horizon2020-თან საქართველოს ასოცირებული წევრის სტატუსით თანამშრომლობის შესახებ. პროგრამის ბიუჯეტი 2014-2020 წლებში შეადგენს 80 მილიარდ ევროს. აღნიშნული ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის კვლევითი პროექტების კონსორციუმებში, რაც კარგი წინაპირობაა ქართული მეცნიერების განვითარებისთვის.