საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებთან „შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირებისა და ლობირების“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსა და „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ პროექტის წარმომადგენლები, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ლიკა კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის არსი და მიზნები გააცნო, პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და აქტიურად განიხილებოდა შშმ პირთა დასაქმებისა და სტაჟირების საკითხები, შესაძლებლობები, არსებული და შესაძლო პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, თანამშრომლობის პერსპექტივები და ტექნიკური დეტალები.
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო გამოხატავს მზაობას, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს შშმ პირთა დასაქმების პროცესს და ამ კუთხით, მიესალმება საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებს.