ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენაზე.
სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო დასაქმებისა და სტაჟირების კუთხით, ეთანამშრომლა კალიფორნიის შტატის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრთან, რომელიც საქართველოში, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ - STEM დისციპლინებში.
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსთან ერთად, დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა გააცნო სტუდენტებს სამინისტროში დასაქმებისა და სტაჟირების წესები და პირობები, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლები კი განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ სტუდენტებით, რომლებიც კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ.
სამინისტრო მოხარული იქნება, თუ სან დიეგოს უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული უნარების მქონე, ინოვატორი სტუდენტები დაინტერესდებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემასთან თანამშრომლობით.