სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დელეგაცია. ამერიკელმა პროფესორებმა სიტყვით მიმართეს შეკრებილ პირველკურსელებს და მიულოცეს მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება.
2016 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 127 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 55 გოგონაა. სტუდენტთა მეორე ნაკადი საკმაოდ მრავალფეროვანია. არიან სტუდენტები თბილისიდან და საქართველოს ყველა რეგიონიდან, აგრეთვე 12 საერთაშორისო სტუდენტი, ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან და ამერიკელი გაცვლითი სტუდენტები სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსიდან.
წელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. „ეს უკვე ტრადიციად იქცა და მოხარულები ვართ, რომ აბიტურიენტი, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებზე ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლის. წინა წელს ეს იყო დავით სოსელია, წელს კი ეს სტუდენტი გოგონაა - თამარ მენთეშაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები ტექნოლოგიურ მიმართულებებს ირჩევენ,“ განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში დოქტორმა კენ უოლშმა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში - 35,000 სტუდენტით და 120 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.