ინკლუზიური განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენცია „2025 წელს ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველას“ გაიმართა. კონფერენცია მიეძღვნა განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მიდგომას, რომელიც გულისხმობს გაცილებით მეტს, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობაა. ინკლუზიური განათლება წარმოადგენს კარგად დაგეგმილ, ინდივიდის საჭიროებაზე მორგებულ პროცესს, სადაც ყველა პირი მონაწილეობს და საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აღწევს.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, ინკლუზიური განათლების მიმართ ინტერესის მქონე საზოგადოებისა და დარგის პროფესიონალებისათვის, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური პროფესიული განათლების მიღწევებისა და გამოწვევების გაცნობას. ამავდროულად, კონფერენციაზე განხორციელდა იმ შედეგების წარდგენა, რომლის მიღწევაც სამინისტროს განსაზღვრული აქვს 2025 წლისათვის ინკლუზიური განათლების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
საქართველომ 2006 წლის გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირება განახორციელა და შესაბამისად, აიღო ვალდებულება გაატაროს პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია დაიცვას შშმ პირების უფლებები და შექმნას თანაბარი შესაძლებლობები.
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შეფასება განახორციელა ორმა ევროპულმა უნივერსიტეტმა - ნორვეგიის ჰედმარკის უნივერსიტეტის და ბრიტანეთის ნორთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. კვლევა მოიცავდა ყველა რგოლს, როგორც პრაქტიკაში ჩართულ პირებს (პედაგოგები, სტუდენტები, სპეციალისტები) ასევე, პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვადასხვა უწყებებს. კონფერენციაზე მოხდა ობიექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული შედეგების წარდგენა, რაც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას განვლილ პროცესზე რეფლექსიისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო, რომლის აქტიური მხარდაჭერით დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა ზოგადი განათლების საფეხურზე და გაგრძელება ჰპოვა პროფესიული განათლების სისტემაში.