საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში, ასევე უნარ-ჩვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცდებში მონაწილეობის მიღება ამ დისციპლინების 20 000 -მდე მასწავლებელს შეეძლო. ამ დროისთვის, დაფიქსირებულია მასწავლებელთა მაქსიმალური აქტივობა, გამოცდებზე გასვლის სურვილი გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა 10 720 მასწავლებელმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად მასწავლებლებს სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და სახელმწიფო მათ ყოველმხრივ უწყობს ხელს. გამოცდები ჩატარდება ივლისში.
თითოეული გამოცდისათვის ბარიერი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საცდელი ტესტირებების შედეგების ფსიქომეტრული ანალიზით დადგინდა. სერტიფიკატის მისაღებად თითოეულ გამოცდაში პედაგოგმა მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტების მაქსიმალური ქულა შემდეგნაირად განისაზღვრა: პროფესიული უნარების ტესტი – 80 ქულა; ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი – 80 ქულა; უცხოური ენების ტესტი – 120 ქულა; მათემატიკის ტესტი – 70 ქულა.
სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე პედაგოგებს პროფესიული უნარებისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურისთვისა და მათემატიკის ტესტებზე მუშაობისთვის 5, ხოლო უცხო ენის გამოცდისთვის 3 საათი და 15 წუთი მიეცემათ. საგნობრივი ტესტების დაახლოებით 40% საგნის სწავლების მეთოდიკას, ხოლო 60% საგნის ცოდნას მოიცავს.
პედაგოგები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად იმუშავებენ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. პედაგოგთა რეგისტრაცია 15 აპრილს დასრულდება.