განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 საჯარო სკოლას ეწვია, ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს ინკლუზიური განათლება წარმოადგენს და უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება, მათ თავი მოსახლეობის სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლეა, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. 4 აპრილს მინისტრს ამ სკოლის 30-მა მოსწავლემ უმასპინძლა.
მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან. ამ სკოლის პედაგოგები ხელს უწყობენ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე ეხმარებიან სხვა სკოლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის დაუფლებაში.
მე-200 საჯარო სკოლას 2008 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის “იაკობ გოგებაშვილი” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.