საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ.
პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კოლეჯს ამ დღეს, მომავალი სტუდენტებიც სტუმრობდნენ. კოლეჯის ეზოში წარმოდგენილი იყო ყველა იმ პროფესიის სტენდი, რომელსაც კოლეჯი საზოგადოებას სთავაზობს. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა პროფესიაში საკუთარი შესაძლებლობებიც მოესინჯათ და პროფესიონალებისაგან მიეღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია პროფესიულ-საგანამათლებლო პროგრამების შესახებ. მოეწყო გაცნობითი ტურიც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიებისა და სახელოსნოების დაათვალიერების მიზნით. აქვე მოხდა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება რამდენიმე ახალ პარტნიორ ორგანიზაციასთან, მოეწყო შეხვედრა პროფესიული ორიენტაციის კურსის სტუდენტებთანაც. კოლეჯში „აისი“ 37 პროფესია ისწავლება, მათ შორის ძირითადი, სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობებია.
8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასტაბით არსებულ კოლეჯებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 150-მდე პროფესიულ პროგრამაზე.
პროფესიული განათლება არის სრულად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მარტივი ტესტირების საფუძველზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიმართულებით.
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, რომელმაც 2016 წელს 56%-ს მიაღწია. (2015-ში 47% იყო).
პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში, რაც თავის მხრივ, რეგიონის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. 2013 წლიდან დღემდე გაიხსნა პროფესიული სასწავლებლების 12 ახალი ფილიალი (კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი), რითიც მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამად საქართველოში 50-მდე ლოკაციაზეა შესაძლებელი პროფესიული განათლების მიღება.
პროფესიული განათლების დაუფლება შესაძლებელია უმაღლესი განათლების პარალელურად ან დამატებით, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს უნარ-ჩვევები ან შეისწავლოს ახალი პროფესია, რადგან დუალური სწავლების მოდელი, სტუდენტს დიდ საწარმოო პრაქტიკასაც სთავაზობს. ეს კი შრომის ბაზარზე მისი დასაქმების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის.
დამატებით ინფორმაციას მიიღებთ სამინისტროს ცხელ ხაზზე 2200 220 და ვებგვერდზე www.vet.ge