შემეცნებითი სასწავლო გამოფენა საქართველოში მეცხრე წელია ტარდება და სათავეს 2001 წლიდან, დემირელის კერძო კოლეჯიდან იღებს. მასში ყველა კლასის მოსწავლეები და ის პედაგოგები მონაწილეობენ, რომლებიც მოსწავლეების პროექტებს ხელმძღვანელობენ. პროექტის მიზანი მეცნიერული ცოდნის გაღრმავება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა.
2010 წლის მეცხრე სამეცნიერო გამოფენის ორგანიზატორი ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმია. აღნიშნული ლიცეუმის გარდა პროექტში დემირელის კერძო კოლეჯის, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმისა და დაწყებითი სკოლის, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმისა და დაწყებითი სკოლის, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის, დაწყებითი სკოლა ”სხივისა” და რუსთავის №4 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გარდა, სამეცნიერო გამოფენას პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე, ქალაქ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი, ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.