საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) მხარი დაუჭირა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MoES) ახალი მოდელის - სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური მიდგომით შემუშავებას. პროექტი, 2016 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით, მეცხოველეობისა და მეხილეობის მიმართულებით ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
საქართველოში, სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მოდელის ფორმირება, კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული შესაძლებლობების განვითარება, სამუშაო ადგილის სასწავლო გარემოდ ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა და პროფესიული განათლების მიმზიდველობის უზრუნველყოფა.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე, საქართველოს 4 რეგიონში, 86 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან, კერძო სექტორის მონაწილეობით, 40 აპლიკანტი და 11 კომპანია შეირჩა მეხილეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების პირველი ფაზა დასრულდა, მიღწეულ შედეგებს, გამოწვევებს და სამომავლო აქტივობებს პარტნიორი უწყებების/ორგანიზაციების (UNDP, SDC, MoES, GFA), პროფესიული სასწავლებლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე განხორციელდა პროგრამის ახალი ფაზის დაწყებისათვის საჭიროებების იდენტიფიცირება.