დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გადამზადდა.
პროექტი დაეხმარა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერების კუთხით.
საქართველოში, დაწყებით საფეხურზე სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამატებითი სასწავლო მრავალფეროვანი რესურსები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მეთოდური და სასწავლო რესურსები მიიღეს მშობლიურ ენაზე.
პროექტის ფარგლებში 500-მდე სკოლის დირექტორმა გაიარა პროფესიული განვითარების პროგრამა, რომლის მიზანიც იყო მათი, როგორც სასწავლო პროცესის ხელმძღვანელების გაძლიერება. ტრენინგპროგრამაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ დირექტორები აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის პროცესში. მათ მიერ განხორციელდა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა სკოლის ბაზაზე შეფასება და საკლასო დაკვირვება.
პროექტის მიერ შეიქმნა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა უწყვეტ და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებულ პროფესიულ განვითარებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა სასწავლო ჯგუფების 1000-ზე მეტი ხელმძღვანელი როგორც მათემატიკის, ასევე კითხვის მიმართულებით. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები შეხვედრების დროს ერთობლივად გეგმავდნენ გაკვეთილებს, განიხილავდნენ მოსწავლეთა სასწავლო შედეგებს, აანალიზებდნენ სასწავლო სიტუაციებს და სხვა.
პროექტის ფარგლებში მასწავლებლები ასევე იღებდნენ უწყვეტ პროფესიულ მხარდაჭერას პროექტის ტრენერ-კონსულტანტების მიერ. სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე სასკოლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის მონაწილე თითოეულ სკოლაში, რომლის დროსაც ტრენერ-კონსულტანტები აკვირდებოდნენ მასწავლებლების მიერ სწავლების ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას და სთავაზობდნენ კონსტრუქციულ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს.
G-PriEd-ის ფარგლებში ასევე განხორციელდება ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა. G-PriEd-ი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივემენთი“ (Junior Achivement) ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით უზრუნველყოფენ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლებას, რათა მოამზადონ ისინი საქართველოს ეკონომიკაში პროგრესული როლის შესასრულებლად. პროგრამაში ჩართული იყო 20 000 მოასწავლე და 900 მასწავლებელი. მოხალისეები კერძო სექტორიდან მოსწავლეებს აცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია, ბიზნესის სამყაროს უკეთ აღქმისათვის სკოლის მოსწავლეებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება შესთავაზოს და განუვითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.
G-PriEd-მა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბაზაზე შექმნა რესურსების ინტერნეტ პორტალი www.kargiskola.ge, სადაც განთავსებულია პროექტის მაღალი ხარისხის სატრენინგო პროგრამები, სასწავლო ელ-რესურსები, ვიდეომასალა, საკლასო დიაგნოსტიკური შეფასების ტესტების გენერირების ონლაინ პროგრამა, გაკვეთილის სამოდელო გეგმები, კომპიუტერული მათემატიკური თამაშები და წერის უნარების განვითარების აპლიკაცია. პორტალის დახმარებით, მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისა და მშობლებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო და დამხმარე მასალა, რომელიც პროექტმა შეიმუშავა სამინისტროსთან ერთად სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლების სახალისო და საინტერესო აქტივობებში. პროექტის რეკომენდაციები დაეხმარა მასწავლებლებს გაეუმჯობესებინათ მშობლებთან კომუნიკაცია.