თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში წარმატებით დაინერგა თავისუფალი გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პროექტები - „დეკუპაჟი ანუ, ძველი ნივთების განახლება“ და „ხელნაკეთი წიგნების შექმნა“ განახორციელეს. მათ დაძველებულ, დაზიანებულ და უსარგებლო ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს, გააახლეს და ფუნქცია დაუბრუნეს, შექმნეს სიუჟეტები, ილუსტრაციები და თავისი ხელით ააწყვეს პატარა წიგნები. მოსწავლეების საქმიანობას გაეცნო და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
განათლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდის მიზნით, სკოლებში “თავისუფალი გაკვეთილები” დაინერგა. არაფორმალური, თავისუფალი გაკვეთილები სკოლების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მისი დაფინანსებით გაიზრდა როგორც სკოლის მოქმედი მასწავლებლების, ისე დირექცია/ადმინისტრაციის შემოსავალი და შესაბამისად, მოტივაცია. სასკოლო ცხოვრება უფრო აქტიური, სახალისო და მოსწავლეებისთვის საინტერესო გახდა.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას, არის ნებაყოფლობითი და არ აქვს საგაკვეთილო სახე.
პროგრამაში მიმდინარე სასწავლო წელს 800 საჯარო სკოლა ჩაერთო. თავისუფალი გაკვეთილები ტარდება შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:
● სპორტული აქტივობები;
● წიგნიერების განვითარება;
● კულტურა/ხელოვნება;
● ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.