ამ სახის კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში წელს პირველად ჩატარდა და მან მთელი საქართველო მოიცვა. კონკურსის მონაწილეთა შორის ბევრია არაქართველიც. მოსწავლეებს საკონკურსო ნაშრომების ფორმის, სტილისა და ჟანრის შერჩევაში სრული თავისუფლება ჰქონდათ. წარმოდგენილ ნაწერებს შორის იყო მხატვრული თხზულებები, ჩანახატები, ზღაპრები, პუბლიცისტური წერილები, პოეტური ქმნილებები... ისინი გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებითაც. კონკურსანტებმა სხვადასხვა კუთხით გააშუქეს ენობრივი საკითხი: შეეხნენ ქართული ემიგრაციის მომავალი თაობის ენობრივ პრობლემას, ფერეიდნელი ქართველების თემას, ქართულ ანბანს... მათ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით აჩვენეს, რომ ბინძურდება ქართული ენა და მზად არიან იზრუნონ მისი სიწმინდის დასაცავად.
14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა.