საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „პროგრამა დედაენის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილი I კლასის საგანმანათლებლო რესურსის შესარჩევად, რაც ხელს შეუწყობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სასიცოცხლო გარემოს შექმნას. აღნიშნული პროგრამის მიზანია გოგებაშვილისეული ძირითადი მეთოდის შენარჩუნება/გააქტიურება.
„დედაენის“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს 2013 წელს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. 2014 წელს კი განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილის მეთოდის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია, რომ სასწავლო პროცესში მოხდეს მისი გააქტიურება.
იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილ საგანმანათლებლო რესურსს შეარჩევს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია. შერჩეული საგანმანათლებლო რესურსი საპილოტე რეჟიმით შევა 20 საჯარო სკოლაში.
საკონკურსო პირობები:
√ საკონკურსოდ წარმოდგენილი სახელმძღვანელო უნდა შეესაბამებოდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდს (სავალდებულოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომისიის დასკვნის წარმოდგენა);
√ I კლასის სახელმძღვანელო კომპლექტი უნდა შედგებოდეს მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულისა და მასწავლებლის წიგნისგან;
√ სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს სტერეოტიპულ, არაკორექტულ, დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ ელემენტებს ენის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, სოციალური კუთვნილების და სხვა ნიშნით;
√ მასწავლებლის წიგნის შესავალ ნაწილში დაწვრილებით უნდა იყოს ჩამოყალიბებული გოგებაშვილის მეთოდის არსი და ახსნილი უნდა იყოს მისი უნიკალურობა. ძირითად ნაწილში ასახული უნდა იყოს თავის/ნაწილის/განყოფილების დანიშნულება, მათი სწავლების მიზნები და უნდა მოიცავდეს გაკვეთილების სცენარებს - პირველი თავის (იგულისხმება პირველივე თავი, რომელიც არ არის განვლილი მასალის განმეორება) ყველა გაკვეთილის სარეკომენდაციო სცენარი და ყოველი მომდევნო თავიდან არანაკლებ 1 გაკვეთილის სარეკომენდაციო სცენარი, ასევე სხვადასხვა სახის დავალებების ნიმუშები მასალიდან და მოსწავლის შეფასების მექანიზმები;
√ საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს ფერადი ამონაბეჭდის სახით. ამასთანავე, უნდა ახლდეს ელექტრონული ვერსია კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი;
√ საავტორო უფლებების გადაცემის საკითხი და პირობები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავტორს შორის გასაფორმებელი სალიცენზიო ხელშეკრულებით;
√ საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ქართული ენის სამმართველოს.