ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა 7 პროფესიაში - სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა - ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ. შეჯიბრი, რომელშიც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მსოფლიოში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხადასხვა ქვეყანაში იმართება და ჰყავს ასი ათასობით დამთვალიერებელი სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომლებიც აკვირდებიან მონაწილეებს და ბევრ მათგანს თანამშრომლობას სთავაზობენ. როგორც Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბარტლი ამბობს - ამ შეჯიბრში მონაწილეობა უკვე ნიშნავს გამარჯვებას. სწორედ ასეთი განწყობა აქვთ ქართველ კონკურსანტებს, მათ ხომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელსაც თავიანთ საქმიამობაშიც გამოიყენებენ და ამ პროფესიით დაინტერესებულ თანატოლებსაც გაუზიარებენ. ასევე დიდი გმოცდილებაა ქართველი პედაგოგებისთვის იყო საერთაშორისო შეჯიბრის ექსპერტი და სხვა ქვეყნების კონკურსანტები შეაფასო. საქართველოს გუნდის ღირსეული გამოსვლა მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაზე არის შედეგი ჩვენ ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ არსებული მიდგომებისა და კონკრეტულად, მონაწილეების, მათი პედაგოგებისა და იმ უწყების წარმომადგენელთა დაუღალავი შრომისა, რომელმაც საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა უზრუნველყო პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს.
საქართველოდან წარგზავნილებია: ანა-ქრისტინე ტატიშვილი - საკონდიტრო საქმე, ლია ლომიძე - სამზარეულო საქმე, ზურაბ შავიშვილი - სარესტორნო სერვისი, ცოტნე ნაზარაშვილი - ვებდიზაინი, მალვინა მუთიძე - საპარიკმახერო საქმე, დავით დავითაშვილი - საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა, სალომე წიქარიძე - გრაფიკული დიზაინი.