მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი -2017“ ფინალური ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი და ცალკეული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
გრანპრის მფლობელები გახდნენ: გრიგოლ მიქაძე, ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე (პროექტის სახელწოდება- კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მიღება).
პირველი ადგილი დაიკავეს: იონა იობიძემ და გიორგი ურატიძემ (პროექტის სახელწოდება-მანძილის მზომი რობოტი)
მეორე ადგილზე გავიდნენ: ჯემალ გონაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, იოანე სალუქვაძე ( პროექტის სახელწოდება-ჭკვიანი ურიკა)
მესამე ადგილი წილად ხვდათ: შორენა გუჯაბიძეს, დეა ილარიონოვასა და მარინა გუჯაბიძეს (პროექტის სახელწოდება-„უჩინარის მაჩინარი“-მოზაიკური ეკრანი „შლიერენის“ გამოსავლენად)
გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორები დაჯილდოვდნენ 5000 ლარით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორები - 3000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორები - 2000 ლარით.
2017 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის 19 ნამუშევარი შეირჩა. 44 საკონკურსო განაცხადიდან 20 განაცხადი წარმოდგენილი იყო რეგიონებიდან (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 27 თბილისიდან.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება. ამ დროიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო 368 საკონკურსო განაცხადი, რომელთაგან 49 პროექტმა გაიმარჯვა და გამოგონებად ჩაითვალა.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებას და მეცნიერების პოპულარიზაციას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
კონკურსი ხორციელდება ორი მიმართულებით: სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.
გამოგონებად ითვლება იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმისა (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალიწინებით.