23.04.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული სწავლების ცენტრ ”სპექტრში” ახალი სადურგლო საწარმო გახსნა და ავეჯის დამამზადებელი დანადგარის (წნეხის) გამოყენებით, პირველი პროდუქციის - ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი ლამინატის გამოშვებას დაესწრო. მინისტრი სოხუმის მკვიდრ ეთნიკურ აფხაზ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ”სპექტრში” საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაეუფლონ. ცენტრის დირექტორის ზაზა ავალიანის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სხვადასხვა სპეციელობაზე 9 გალელი სტუდენტის მიღებაც იგეგმება.
ამავე დღეს ”სპექტრის” რამდენიმე კურსდამთავრებულთან ”ვუდსერვისის” სამშენებლო და ”აპექსსერვისის” საყოფაცხოვრებო კომპანიების ხელმძღვანელებმა შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ”სპექტრის” მიერ მომზადებული ყველა სპეციალისტი უკვე დასაქმებულია, ცენტრი იღებს შეკვეთებს პარტნიორი კომპანიებიდან და სისტემატიურად ხდება სტუდენტთა მიზნობრივი გადამზადება.
”სპექტრში” სტუმრობისას მინისტრმა ავტომექანიკოსის, ავტოსკოლის, არქიტექტურის, გარემოს მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრომონტაჟის, ზოგადი პროფილის მშენებლის თეორიული სასწავლო კლას-კაბინეტები და ლაბორატორიები დაათვალიერა, შეხვდა სასწავლებლის პედაგოგებს, USAID – ის წარმომადგენლებსა და ”სპექტრისა” და ნიდერლანდების ორგანიზაცია PUM-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სასწავლებელში სამუშაო ვიზიტით მყოფ ექსპერტს ხეის ზევენჰოვენს. პროექტი, რომელსაც ”სპექტრი” ახორციელებს მიზნად ისახავს ევროპული პროფესიული განათლების სტანდარტების დამკვიდრებას სასწავლებელში.
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “სპექტრი” მრავალპროფილიანი სახელობო სასწავლებელია, რომელშიც ამჟამად მომზადება-გადამზადების მოკლე და გრძელვადიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასურველ პროფესიას რვაასამდე სტუდენტი ეუფლება.
”სპექტრში” პრიორიტეტულია სამშენებლო პროფილის სპეციალობები – კალატოზი, დურგალი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, ელექტრომემონტაჟე, სანტექნიკოსი, გზის მშენებელი, გეოდეზისტი, ელექტროშემდუღებელი, მებეტონე-მეარმატურე და სხვა. გარდა ამისა, ცენტრში ისწავლება ავტომექანიკოსის, კონდიცირებისა და მაცივრების ტექნიკოსის, გარემოს უსაფრთხოების მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საბუღალტრო, მდივან-რეფერენტის და სხვა სპეციალობები.
”სპექტრის”-ს კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები არიან: სამშენებლო კომპანია ”აქსისი”; ”არსი”, ”ინჟმშენი”, ”არქიტრავი”; ფირმები ”ბეკო”, ”L-პლიუსი”, ”ვუდსერვისი”, ”აპექსსერვისი”, საავეჯო კომპანია „შნო“, მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ”მობიტელი”, „მენაშენეთა ასოციაცია“; ”თბილავიამშენი”, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქის მუნიციპალიტეტის სამსახურები და სხვა.
პროფესიულ სასწავლებელს 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, სრული მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 1 463 000 ლარი დაიხარჯა.