ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს. კონკურსში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს NASA-ს სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
2017-2018 სასწავლო წლის ინოვაციების კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გასული წლების კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ.
„ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დახვეწონ და განავითარონ ინოვაციური იდეები და გამოგონებები; ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, მომავალი თანამშრომლობის მიზნით დაუკავშირდნენ მეცნიერებსა თუ მეწარმეებს. მჯერა, რომ რომ წლევანდელი კონკურსი კვლავ არაერთ საინტერესო ახალგაზრდას გაგვაცნობს. წარმატებებსა და ნაყოფიერ სამუშაო პროცესს ვუსურვებ მონაწილეებს. გამარჯვებულთათვის კი, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში, NASA-ს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა“ განაცხადა მიხეილ ჩხენკელემა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამჯერ, 2014-2017 წლებში წარმატებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა „Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.