საქართველოს საპატრიარქოში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის (ძველი აღთქმა) პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა პირველი გამოცემის წიგნი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაიბეჭდა.
კრიტიკულად დადგენილი ტექსტების პირველი სრული გამოცემა V-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული „ძველი აღთქმის“ წიგნების სრულ მასალას მოიცავს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თითქმის 60-წლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს.
ბიბლიის სრული ტექსტის არსებობაზე ზრუნვა ქართველმა მოღვაწეებმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაიწყეს: 1709 წელს, თბილისში, ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა ფსალმუნისა და ახალი აღთქმის ტექსტები, ხოლო 1710-1711 წინასწარმეტყველთა წიგნები, რომლებიც მხოლოდ გელათის ბიბლიის (A 1108) ხელნაწერს ეფუძნებოდა. ბიბლიის დანარჩენი ნაწილები ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო დაუბეჭდავი დარჩა. ბიბლიის ყველაზე სრული კრებული, რომელიც ნაბეჭდი სახით არსებობს, 1743 წელს ქ. მოსკოვში დაბეჭდილი ე. წ. ბაქარის ბიბლიაა, რომელიც მეფე ბაქარის ხარჯით დაიბეჭდა.
XX საუკუნის 60-იან წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ერთმა ჯგუფმა ილია აბულაძის ხელმძღვანელობით გამოსაცემად მოამზადა ბიბლიის სრული კრიტიკული ტექსტი, სადაც გათვალისწინებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (სინის მთა, იერუსალიმი, ათონი და სხ.) დაცული ყველა არსებული ხელნაწერის მონაცემები. ამ ჯგუფმა აღწერა ბიბლიური წიგნების შემცველი ყველა ხელნაწერი და ფრაგმენტი (სულ 32 ერთეული: 20 ხელნაწერი დანარჩენი ფრაგმენტი). ამ საქმეს რამდენიმე თაობის შრომა დასჭირდა. XX საუკუნის 80-იან წლებსა და 90-იანი წლების დასაწყისში ცალკეულ ნაკვეთებად გამოიცა ძველი აღთქმის ტექსტების ნაწილი, მაგრამ სრული, ერთიანი, ტექსტის გამოცემა ვერ მოხერხდა. წელს მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად დაიბეჭდა ბიბლიის კრიტიკული ტექსტი, რაც უმნიშნველოვანესი მოვლენაა ქვეყნისათვის. ტექსტის სრული მოცულობა 2890 გვერდია.