ქალაქ რუსთავის №7 საჯარო სკოლაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების კახაბერ თავგორაშვილისა და ვახტანგ გზირიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც გმირებისადმი მიძღვნილი სტენდი ”მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს” და სკოლის სამლოცველო დაათვალიერეს.
კახაბერ თავგორაშვილი №7 საჯარო სკოლაში 1991-1994, ხოლო ვახტანგ გზირიშვილი 2001-2006 წლებში სწავლობდა. კახაბერ თავგორაშვილი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის 7 აგვისტოს გაიგზავნა. ის 8 აგვისტოს პოზიციების საარტილერიო დაბომბვის დროს გარდაიცვალა. რაც შეეხება ვახტანგ გზირიშვილს, რომელიც ასევე ცხინვალის რეგიონში იბრძოდა, 8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ორივე მათგანს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
მემორიალური დაფის გახსნასასთან დაკავშირებით, №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.