ბატონი გიორგი ზუბიაშვილის აღსაზრდელები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან, სკოლა, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგი 30 წელია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. გიორგი ზუბიაშვილი მათ ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილებს უტარებს, ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიულ წრეს. მისი აღსაზრდელები არაერთი ფესტივალის გამარჯვებულები არიან. ბატონი გიორგი ღირსების მედლის კავალერი და ბევრი სიგელისა და ჯილდოს მფლობელია.
გამოცდილი პედაგოგი მისეულ, განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებსა და მეთოდებს ფლობს, რაც აუცილებელია ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას. მიუხედავად სოლიდური ასაკისა იგი ენერგიულად აგრძელებს მოღვაწეობას, სისტემატიურად ადევნებს თვალყურს პროცესებს და განსაკუთრებით ახარებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი თავადაც მუდმივ ძიებაშია და ცდილობს სიახლეებით გაამდიდროს სწავლების მისეული მეთოდი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.