მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის 30-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე ”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხო სკოლის პროგრამის” ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. მათ მეგზურობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა გაუწიეს. მოზარდებმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, ნახეს რა მომზადებას გადიან მეომრები და როგორ არიან აღჭურვილნი. ბოლოს, ბავშვებმა ჯარისკაცთა საკვებიც დააგემოვნეს. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი მონაწილეობდნენ.
ახალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, ანალოგიური ერთობლივი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სკოლებში ახალი საგნის შემოტანის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია. სასწავლო კურსის მიზანია მომავალ თაობას ადრეული ასაკიდან ჰქონდეს წარმოდგენა სხვადასხვა საფრთხეებზე, იცოდეს როგორ დაიცვას თავი საგანგებო მდგომარეობაში, იცოდეს რა სამხედრო ტექნიკა აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორ ხდება მისი გამოყენება. სასწავლო კურსი ასევე შეისწავლის საგზაო უსაფრთხოებას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ქართული ჯარის ისტორიასა და ქართული არმიის შეიარაღებას.
ახალი დისციპლინის შესწავლა საქართველოს მასშტაბით 15 საპილოტე სკოლაში მიმდინარეობს, მათ შორისაა მცხეთის მე-2 საჯარო სკოლა. 2010-2011 სასწავლო წლიდან საგნის სწავლება ყველა სკოლაში დაიწყება და სამ ეტაპად დაიყოფა - დაწყებითი კლასის მოსწავლეები შედარებით მარტივი ფორმით ისწავლიან, მომდევნო კლასებში კი დისციპლინას სხვა მიმართულებები დაემატება. სამხედრო-პატრიოტული სწავლება იქნება ისეთივე რიგითი საგანი, როგორიცაა ისტორია, გეოგრაფია და ა.შ.