საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თბილისის 196-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულება 1994 წელს დაარსდა, არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს ასოცირებული სკოლა. დიმიტრი შაშკინი აქ სწავლების იმ განსაკუთრებულ სპეციფიკას გაეცნო, რომლითაც ამ კავშირის წევრი სკოლები გამოირჩევიან.
196-ე საჯარო სკოლის სასწავლო გეგმა შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ასევე აკმაყოფილებს ვალდორფის სკოლების მუშაობის საერთაშორისო ნორმებსა და მოთხოვნებს. სკოლაში თანაბრად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნებისა და პრაქტიკული საგნების სწავლებას. გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები. სკოლის სპეციფიკისა და მოზარდის ათვისების უნარის გათვალისწინებით სკოლაში მოქმედებს საგნების ინტენსიური სწავლების მეთოდი. თითოელი საგნის შესწავლა ხდება შემოქმედებითად, სკოლა ცდილობს მოზარდს მისცეს ზოგადი ჰარმონიული განათლება, რათა თითოეულმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და საბოლოოდ გააკეთოს სწორი არჩევანი.
სკოლაში მოქმედებს ხალხური რეწვის სექციები, მოსწავლეთა კამერული ორკესტრი, გუნდი, მარიონეტების თეატრი. თეატრის მსახიობი მეოთხე და მერვე კლასელი მოსწავლეები რეგულარულად მართავენ სპექტაკლებს თავიანთი დამზადებული თოჯინებითა და დეკორაციებით.