თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლადგახსნილ სასადილოში, მოსწავლეები ჯანსაღი საკვებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
55-ე საჯარო სკოლის სასადილო კომპანია ”გოგლი მოგლმა” კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. პირველად საქართველოში, ანგარიშსწორება მოხდება ელექტრონული ბარათებით. ბარათები მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკმა’’ უსასყიდლოდ დაუმზადა. მშობელი მისთვის მისაღებ გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე დაურიცხავს, რომელსაც იგი მხოლოდ სასკოლო სასადილოში გამოიყენებს. ასეთი შესაძლებლობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებების შემცირებას. სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს, უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას. 55-ე საჯარო სკოლის სასადილოს გარდა კომპანია ,,გოგლი მოგლმა’’43-ე საჯარო სკოლის სასადილოც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაარემონტა.
ახალი პროექტი პილოტირებას თბილისის ორ საჯარო სკოლაში გაივლის, რომელიც ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. კეთილმოეწყობა სასკოლო სასადილოები. გამოცხადდება ტენდერი კომპანიებზე, რომლებიც სკოლებს მოემსახურებიან. თითოეულ კომპანიას სკოლებში კვების ჯანსაღი პროდუქტით უზრუნველყოფის თვალსაზრისით დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება.