ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლის თქმით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიული არჩევანის - ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ევროპული სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების 16-17 წლის მოსწავლეებისთვის ევროპული ხარისხის საშუალო განათლებას უზრუნველყოფს. მოსწავლეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე შეირჩევიან და შესაბამის სტიპენდიებს მიიღებენ. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ წარჩინებულ მოსწავლეებს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ევროპული დონის საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს მიიღებენ.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ახალი სკოლა იქნება მულტიკულტურული სასწავლო და საცხოვრებელი გარემო საინტერესო არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით. ეს იქნება შესაძლებლობა, ახალგაზრდებმა ისწავლონ და იცხოვრონ იმ პრაქტიკაში, რაც ეფუძნება ევროკავშირის უმთავრეს ფასეულობას - მრავალფეროვნებაში ერთიანობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროპელ და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას სკოლის გრძელვადიან მოდელზე, რომლის განხორციელება ევროკომისიის თანადაფინანსებით მოხდება.
2018 წელის გაზაფხულზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად, 2018-2019 სასწავლო წლებისთვის ევროკომისიამ შეარჩია 30 მოსწავლე აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან: სომხეთი (4), აზერბაიჯანი (2), ბელარუსი (4), საქართველოს (8), მოლდოვა (5), უკრაინა (7).
ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა პირველ ეტაპზე, დროებით, კერძო სკოლის - „ახალი სკოლა“ ბაზაზე იმუშავებს.