საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წეროვანის №3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი გახსნა. კაბინეტი უცხო ენების გაძლიერებულად სწავლების პროგრამის ფარგლებში აღიჭურვა და კეთილმოეწყო. ამიერიდან, წეროვანის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლიან.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საჯარო სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება პრეზიდენტის ინიციატივა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. წეროვანის სკოლა პირველია, სადაც უცხო ენის სწავლების თანამედროვე კლას-კაბინეტი მოეწყო. ნიშანდობლივია, რომ სწორედ წეროვანის ახალ დასახლემაში მდებარე სკოლაში ჩაეყარა საფუძველი ახალ ინიციატივას და აქ მცხოვრები ბავშვები შეძლებენ პირველები ინგლისური ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესწავლას. ანალოგიურად მოეწყობა და აღიჭურვება საქართველოს დანარჩენი სკოლებიც.
ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლებას ითვალისწინებს სამინისტროს ახალი პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის მიზანია საქართველოს მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის პროცესის გაუმჯობესება და წახალისება უცხოელებთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე, რომელიც ენის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 1000 უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გარდა, ასევე, ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში და ამ კუთხითაც შეიტანენ წვლილს სკოლის განვითარებაში.