საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში კანადურ კომპანიასა და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულების თანახმად, ორგანიზაცია ”ფუთპრინტი,” (“Footprints Recruiting Inc”) ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, სექტემბერში საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლებს ჩამოიყვანს. ამ ხელმოწერის შემდეგ, პროექტი - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” რეალურად ამოქმედებას იწყებს.
ახალი პროექტის მიზანია საქართველოს მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის პროცესის გაუმჯობესება და წახალისება უცხოელებთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე, რომელიც ენის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ 1000 უცხოელი მოხალისე მასწავლებლის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გარდა, ასევე ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში და ამ კუთხითაც შეიტანენ წვლილს სკოლის განვითარებაში.
ამავე დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და ინგლისური ენის მასწავლებელთა საზღვარგარეთ დასაქმების კომპანიის პრეზიდენტ ბენ გლიკმანს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.