განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა.
აღნიშნული რეფორმა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას განათლების ყველა მიმართულებისთვის - სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. რეფორმა განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.
ბატიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, განათლების ყველა მიმართულება ერთიან სისტემაში, კომპლექსურად და სინქრონიზებულად ვითარდებოდეს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იყალთოს აკადემიაში რეფორმის წარდგენა სიმბოლურია, რადგან თითქმის ათასწლეულის წინ ის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს კვლევით-სასწავლო ცენტრს წარმოადგენდა.
სკოლამდელი განათლება პიროვნული განვითარების ფუნდამენტია და სწორედ ამიტომ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც განათლების შემდგომ საფეხურებზე მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება, მნიშვნელოვანია. განათლების სისტემის განვითარება სკოლამდელი განათლებით უნდა დაიწყოს, რადგანაც ეს საფეხური პიროვნული განვითარების ფუნდამენტია.
სკოლამდელი განათლების რეფორმა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალ სასწავლო პროგრამებს, გადამზადებულ პედაგოგებს, განათლების სტანდარტის დანერგვას ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისთვის და მათი ინფორმირებულობის ზრდას სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებზე.
სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.
სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარება არის ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმის მთავარი ამოცანა.
მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემასთან ერთად, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითობის, იმ უნარ-ჩვევების განვითარებაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათ მუდმივ ცვალებად და სწრაფად განვითარებად სამყაროში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.
მოსწავლის პიროვნული განვითარება, როგორც სკოლის მთავარი საზრუნავი, გააზრებული სწავლა-სწავლების კულტურა, ინკლუზიურობა, ეროვნული და კულტურული ფასეულობები, ინოვაცია და ტექნოლოგიები, როგორც ცოდნის შეძენისა და გაზიარების ინსტრუმენტი, უპირობო პოზიტიური და უსაფრთხო გარემო - ეს არის ის პრინციპები, რასაც ახალი სკოლის მოდელი დაეფუძნება.
მინისტრის განმარტებით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორის როგორც ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება.
განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლებიც. 2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.
პროფესიული განათლების მიმართულებით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ კერძო სექტორის მონაწილეობით და სამუშაო რესურსების მოთხოვნა-მიწოდების მაქსიმალური უზრუნველყოფით.
იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი განხორციელდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში.
პროფესიული განათლების რეფორმა ითვალისწინებს 2019-2022 წლებში პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას.
ინტეგრაცია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, დაიგეგმება სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო პლატფორმა.
იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი განხორციელდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რეფორმის ამავე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე. რეფორმის მეორე ეტაპი 2020-2023 წლისთვის განხორციელდება, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა მდგრადი განვითარების მთავარი პრიორიტეტი მეცნიერებაა. განათლების რეფორმის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცინერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრასა და მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობასა და მათი ჩართულობის სტიმულირებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.
რეფორმის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მიზნობრივი დაფინანსება მაღალი სტანდარტის საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციების მხარდასაჭერად. ასევე, მეცნიერების საერთაშორისო მობილობის პროგრამაში აქტიურად ჩართვა.
რეფორმის მეორე ეტაპი მოიცავს ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებში გაწევრიანებას, როგორებიცაა Academia Europea, EU Joint Research Center, COST, H2020/Horizon Europe, Japan JNR/COMET, CERN/ATLAS/CMS და შესაბამისად, ამ პროექტებში ჩართულ ქართველ მეცნიერთა რაოდენობის ზრდას. ამასთან, შეიქმნება მეცნიერების თანამედროვე ელექტრონული სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სფეროს განვითარებაას.