2018-2022 წელს შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებაზე დაიხარჯება. ოთხწლიან ინიციატივას განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2018 წლის 6 ნოემბერს მხარეებმა პროექტის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„პროფესიული განათლებისა და გადამზადების თანამედროვე სისტემის შექმნა საქართველოს ერთერთი საკვანძო მიმართულებაა, რომელიც სამინისტროს მიერ აისახა განათლების სისტემის რეფორმის დოკუმენტში, როგორც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, და რომელიც მილიონობით ადამიანზე მოახდენს გავლენას. ახალი მოდელებისა და მიდგომების შემოღების შედეგად პროფესიული განათლება ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების ახალი ხედვა სოფლის ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობენ საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმას. მათი ახალი ინიციატივა ამ გრძელვადიანი დახმარების წარმატებებსა და გამოცდილებას ეყრდნობა.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, 2013 წლიდან დღემდე, ხორციელდება აგრარული მიმართულებით პროფესიული განათლებისა და ექსტენციის განვითარება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შვიდ რეგიონში არსებულ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ შვიდ დაწესებულებაში დაინერგა და ხორციელდება აგრარული მიმართულების 20 ახალი მოდულური პროგრამა და 24 ტრენინგ კურსი. განხორციელდა ზოგადი განათლების პროფესიულ განათლებაში ინტეგრირებისა და არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება. გარდა ამისა, შეიქმნა სასწავლო რესურსები - 35 სახელმძღვანელო, 20 ვიდეოგაკვეთილი და დაინერგა აგრარული მამართულების, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლება, რომლის ფარგლებშიც, საგანმანათლებლო დაწესებულებები - ილია წინამძღვრიშვილის საზოგადოებრივი კოლეჯი, „ერქვანი“, „აისი“, „ოპიზარი“, „ახალი ტალღა“, „განთიადი“ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 20-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ მეცხოველეობის, მეხილეობის, მეფუტკრეობისა, ხორც-პროდუქტების გადამუშავებისა და მეთევზეობის მიმართულებების დუალურ პროგრამებს.
სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ინიციატივას განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების მთელი რიგი, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯები, ფერმერთა ექსტენციის საჯარო და კერძო მიმწოდებლები, უნივერსიტეტები და ადგილობრივი მოსახლეობა.