დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას და მისი გადარჩენის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ევროპის დარგობრივ და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად იწყებს. ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასაჯანსაღებლად, საკონსერვაციო მეთოდოლოგიისა და მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებალად, ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური ჯგუფი საქართველოს სტუმრობს. 4 დღიანი მისიის ფარგლებში, ევროპა ნოსტრას ვიცე პრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტმა კამბელ ტომსონმა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიანე კასნატმა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე (იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ლავრა, უდაბნოს მონასტერი, დოდორქა, საბერეები) პრაქტიკული სამუშაოები უკვე განახორციელეს. ევროპული ორგანიზაციების დელეგაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოში ევროპა ნოსტრას წარმომადგენელი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მასპინძლობს.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით შევიდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის 2018 წლის ნუსხაში, რაც ევროპული ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებს. დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი, ევროპული ორგანიზაციების მიერ, მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა. ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა. შერჩევის კიდევ ერთი ასპექტს წარმოადგენდა ადგილობრივი გარემოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად გადაქცევის პოტენციალი.