ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი სასტიპენდიო კონკურსი 16-17 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან რომლებსაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ევროპისა და ევროკავშირის შესახებ. განაცხადები მიიღება 1-ელ მარტამდე.
სასტიპენდიო პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 35 საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტი 6 ქვეყნიდან, რომლებიც მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე, საერთაშორისოდ აღიარებულ მაღალი ხარისხის ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს (IB Diploma). აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მოიცავს 2 წლიან აკადემიურ კურსს, რომელიც დაიწყება 2019-2020 სასწავლო წელს და განხორციელდება თბილისში მდებარე კერძო სკოლის „ახალი სკოლის“ ბაზაზე.
აღნიშნული სადიპლომო პროგრამა უნიკალური ხასიათისაა საერთაშორისო ბაკალავრის მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და ევროპული სკოლების სისტემის მიერ სპეციალურად შემუშვავებულ სწავლების მეთოდების გამო.
კონკურსით შერჩეული სტუდენტები ისწავლიან მულტილინგვურ და მულტიკულტურულ გარემოში, რაც მათ დაეხმარებათ ევროპასა და ევროკავშირზე წარმოდგენის ჩამოყალიბებაში, ასევე ლიტერატურის, ასევე ევროპის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ წვდომა მრავალფეროვან კლასგარეშე პროგრამაზე და შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ევროკავშირის თემებზე გასამართ მაღალი დონის კონფერენციებში.
სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს ევროპისმცოდნეობაში.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა დაფუძნდა ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის შედეგად. აღმოსავლეთ ევროპული სკოლა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და რეგიონთაშორისი გაცვლების გაძლიერებას სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი, ბელორუსი, მოლდოველი და უკრაინელი ახალგაზრდებისთვის.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ვებგვერდის www.eapeuropeanschool.eu საშუალებით, 2019 წლის 1-ლი მარტის 12:00 საათამდე. შერჩევის პროცესი მოიცავს წერით ტესტირებას და ინტერვიუს წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის. 2019-2020 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა სია გამოქვეყნდება 2019 წლის მაისის ბოლოს.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას ელ.ფოსტაზე: euscholarship@eapeuropeanschool.eu ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: + 995 32 225 70 06