სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, მიმდინარე წლის 22 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. დამსაქმებელთან ერთად შემუშავებული პროგრამის წარდგენისას, მნიშვნელოვანია პროგრამის თანამიმწოდებელი კომპანიის იდენტიფიცირება, სახელწოდების მითითებით.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები უნდა შემუშავდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად (იხ. დანართი).
მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამის ხანგრძლივობის (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში), პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობის (მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა), სწავლის შედეგების, პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობის, პროგრამის ღირებულების (ერთ მოსარგებლეზე გათვლილი ღირებულება, ჯგუფში მოსარგებლეთა როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით) შესახებ. ამასთან, იმ პროგრამაში, რომელსაც ერთობლივად შეიმუშავებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება და დამსაქმებელი ორგანიზაცია განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამის განმახორციელებელი თითოეული მხარის მიერ გასაწევი ხარჯები (მისაღწევი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე).
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში - "საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №9 დადგენილება ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ".