ამერიკულ აკადემიას წელს 53 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელბს, მაგრამ საქმიანობას დაწყებას მშობლიურ ქვეყანაში გეგმავს.
ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს გივი ზალდასტანიშვილის ინიციატივით დაარსდა. ქართველმა ბიზნესმენმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. მან დონალდ თომასთან, ამერიკელ პედაგოგთან ერთად, შექმნა სასწავლებელი, რომელიც მოწოდებულია შეასრულოს სანიმუშო სკოლის როლი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში.
აკადემიის პედაგოგიური კოლექტივის ბირთვს ქმნიან მასწავლებლები, რომელთაც პროფესიული მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს (ჰარვარდის უნივერსიტეტისა და სიმონს კოლეჯის მაგისტრატურა). აკადემიის მასწავლებლები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს საკუთარ კლასებშიც იყენებენ და სხვა მასწავლებლებსაც უზიარებენ. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრმა - უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჩაატარა ექვსი შვიდკვირიანი სემინარი თბილისის მასწავლებლებისთვის და ინტენსიური ერთკვირიანი სასემინარო პროგრამები რეგიონების მასწავლებლებისთვის (2005 წელს თელავში და 2006 წელს ქუთაისში). რეგიონალური პროგრამები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მთლიანობაში ამ სემინარებში 500 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.