საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ „EURAXESS“-ში გაწევრიანებასთან დაკავშრებით პრეზენტაცია „ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ წარადგინეს.
„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ. საქართველომ ყველა ის პირობა და სტანდარტი დააკმაყოფილა რასაც EURAXESS“-ის წევრობა მოითხოვდა და დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ქართველი მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. EURAXESS“-ის კვლევით პროექტებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი იხარჯება. ეს ყველაფერი კი უკვე გახსნილი იქნება ქართველი მეცნიერებისთვის და ინსტიტუციებისთვის“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის და ურთიერთაღიარების დეკლარაციას (Declaration of Honor) ევროკომისიასა და საქართველოს შორის ხელი უკვე მოეწერა.
მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაცია და ხელშეკრულების ხელმოწერა (Declaration of Commitment) კი 2019 წლის სექტემბერში, ქ. ბრიუსელში იგეგმება, რის შემდეგაც საქართველო EURAXESS-ში გაწევრიანდება.
საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 27 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადი გააკეთა საქართველოს EURAXESS-ში ჩართვაზე. 2019 წლის 1 მარტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოამზადა და ევროპული კვლევებისა და ინოვაციების პროგრამას წარუდგინა პროექტი EURAXESS-Georgia, რომელმაც მოწონება დაიმსახურა; ივლისის დასაწყისში დაიწყო - საგრანტო ხელშეკრულებისთვის მზადების პერიოდი. 2019 წლის სექტემბერში ხელი მოეწერება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას (Declaration of Commitment).
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
EURAXESS- ში გაწევრიანება საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივა იქნება მისი სამეცნიერო სფეროს, მეცნიერების მენეჯმენტის განვითარებისთვის. ქსელში გაერთიანებული ქვეყნების მკვლევარებისთვის საქართველო გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.
ასევე, პანევროპულ პროგრამა EURAXESS- ში ქვეყნის გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში. საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით არსებული სამეცნიერო და აკადემიური შესაძლებლობები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. პანევროპული პროგრამის სერვისები ხელს შეუწყობს ქართველი მკვლევრების აკადემიურ განვითარებასა და საერთაშორისო მობილობას. პროგრამაში გაწევრიანება მნიშვნელოვანია მეცნიერთა კარიერული განვითარებისთვის, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
პანევროპულ პროგრამა EURAXESS- ში საქართველოს გაერთიანების შედეგად, გაიზრდება ქართველ და ევროპელ მკვლევრების შორის მობილობა; გაიზრდება შესაძლებლობები ქართველი მკვლევრების კარიერული ზრდისათვის; გაიზრდება უცხოელი სტუდენტების და მკვლევრების დაინტერესება საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისათვის.
EURAXESS- ში გაწევრიანებით საქართველოს ისტორიაში ქართული ორგანიზაცია პირველად იქნება ,,Horizon 2020“-ის პირდაპირი ბენეფიციარი და კოორდინატორი;
✓ პირველად მოხდება ქართველი მეცნიერების პირდაპირი წვდომა პანევროპული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ფონდებთან და საგრანტო კონკურსებთან;
✓ EURAXESS-ში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს დაეხმარება, ჩაერთონ კომერციალიზებულევროპულ კვლევებში და მოამზადებს მათ Horizon Europe-სთვის.
✓ პორტალზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ და აგრეთვე, აფხაზურ ენაზეც.
EURAXESS-ის მისიაა მეცნიერთა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. დღეისათვის EURAXESS-ში გაერთიანებულია 40 ქვეყანა, როგორც ევროპული, ასევე მსოფლიოს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ქვეყნები - იაპონია, ისრაელი და სხვა.