გაზეთი ”ვერსია”, 5-7 ივლისი
მინისტრის ტრიბუნა
სათაური: ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან
დაახლოებით,
2200 საჯარო სკოლა,
200 კერძო სკოლა,
70 აკრედიტებული უნივერსიტეტი,
200-მდე ლიცენზირებული
უნივერსიტეტი, 42 პროფსასწავლებელი,
63 კვლევითი ინსტიტუტი,
600 ათასზე მეტი
ბავშვი და
მათი მშობლები,
75 ათასი პედაგოგი...
_ ეს იმ
სისტემის მხოლოდ
ნაწილია, რომელსაც
დღეს დიმიტრი
შაშკინი ხელმძღვანელობს.
სტატიის დასაწყისში
ციფრები იმიტომ
მოვიშველიე, რომ
ისინი, ხშირად,
სიტყვებზე უკეთ
მეტყველებს. პრინციპში
ძნელია, ისეთი
გადაწყვეტილება მიიღო,
ამ რაოდენობის
ადამიანი კმაყოფილი
დაგრჩეს. თუმცა,
იმასაც `დიდი
ნიჭი~ უნდა,
შენს გარშემო
ბრალდებებისა და
პრეტენზიების ისეთი
კორიანტელი დააყენო,
როგორც ეს
შაშკინის შემთხვევაში
მოხდა. განათლების
მინისტრმა, ამ
მხრივ, ლამის,
შს მინისტრ
მერაბიშვილსაც მოუხსნას
რეკორდი. შეიძლება,
ეს იმის
დამსახურებაა, რომ
როგორც პრეზიდენტი
ამბობს, განათლების
სისტემაში რეფორმის
რიგით მეორე
ტალღა დაიწყო.
ნოვაციებს კი,
საქართველოში, არც
ისე სიხარულით
ხვდებიან. ან
იქნებ იმის,
რომ ეროვნული
გამოცდები დაიწყო
და განათლების
სფერო დღეს
პოლიტიკაზე უფრო
აქტუალურია. როგორც
უნდა იყოს,
შაშკინის წინააღმდეგ
ბრალდებები ისმის
ყველგან და
ყოველთვის. უკვე
იმდენი რამ
ითქვა და
დაიწერა, სიმართლე
გითხრათ, ჩემი
ინტერესი და
პრინციპი იყო,
მას პირადად
შევხვედროდი და
მეკითხა, რას
უპირებს ჩვენს
მომავალ თაობას,
რომელიც მალე,
სკოლაში 5 წლის
ასაკიდან შევა?
რატომ ერევა
პროფკავშირების საქმიანობაში
და მართლა
მოსთხოვა თუ
არა სკოლების
დირექტორებს კაბინეტებში
ხატების ჩამოხსნა?
საათნახევრიანი საუბრის
განმავლობაში, მინისტრი
არცერთ კითხვას
არ გაქცევია,
არც მიკიბ-მოკიბული პასუხებით
უცდია, დემაგოგი
რესპოდენტებისთვის დამახასიათებელი
`დაბოლების~ ეფექტი
გამოეყენებინა. ყველა
ბრალდებას არგუმენტითა
და კონტრარგუმენტით
უპასუხა. იყო
მხოლოდ ერთი
საკითხი, რომელზე
საუბარიც, აშკარად,
არ ხიბლავდა
და რომელზე
პასუხიც, პრინციპში,
კაბინეტის გვერდით
მდებარე პატარა
ოთახში ვიპოვე
_ აქ განათლების
მინისტრს, ერისკაცებისა
თუ ბერების
მიერ ნაჩუქარი
ხატების კუთხე
აქვს მოწყობილი.
იქვე პატარა
მაგიდა დგას,
სადაც არაერთი
სანთელი და
საეკლესიო წიგნი
დევს. ამაში
არც გასაკვირია
რამე და
არც სატრაბახო.
ვინმემ, სუბიექტურობა
რომ არ
დამწამოს, ამ
თემას არც
მე განვავრცობ.
მკითხველი კი
თავად მიხვდება,
უბრალოდ, ფაქტის
კონსტატირება რატომ
მოვახდინე.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინთან.
ბატონო დიმიტრი, ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა. ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ, სასჯელაღსრულების შემდეგ, პროფესიით იურისტი, განათლების სისტემას როგორ მოერგეთ?
სამწუხაროა, რომ ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა _ თეორიულად, ჟურნალისტებთან ურთიერთობაში არ შეიძლება პრობლემა გვქონდეს. ჩემი მიზანია, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სამინისტროს ხელმძღვანელი ვიყო. მითუმეტეს, რომ ვერანაირ რეფორმას წარმატებით ვერ გაატარებ, თუ საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული, რაც ჟურნალისტების წყალობით ხდება. განათლების სფერო საკმაოდ დიდი და რთულია. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ არის ოჯახი, რომელსაც განათლების სისტემა არ ეხება.
ამიტომაა, რომ ამ სფეროში მოსულმა ვერცერთმა მინისტრმა პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხა და საქმიანობა ლამის ნულიდან დაიწყო? გამოდის, მთავარი პრობლემა თავად სისტემაშია.
ვერ დაგეთანხმებით. მაქვს განცდა, რომ ბევრი რამ გაკეთდა. ბევრი კიდევ გასაკეთებელია. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. ეს რომ ასე არ იყოს, ვერანაირ მეორე ეტაპზე ვერ ვისაუბრებდით. მთავარი მიღწეულია _ ადრე თუ უმაღლეს სასწავლებელში ბავშვები ნაცნობობითა ფულით აბარებდნენ, დღეს ასე აღარ არის. გამოცდები დაიწყო, ბავშვმა იცის, რომ მხოლოდ ცოდნით ჩააბარებს. ეს დიდი წარმატებაა. ესაა ფუნდამენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ბევრი რამ გავაკეთოთ და ჩვენს ბავშვებს ამერიკული, ევროპული დონის განათლება მივცეთ. თუმცა არ ვამბობ, რომ გარკვეული შეცდომები არავინ დაუშვა _ შეცდომებს არ უშვებს ის, ვინც არაფერს აკეთებს.
ეროვნული გამოცდები ახსენეთ. წელს აბიტურიენტებს ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევთ. აბიტურიენტების ნაკლები რაოდენობა ამის შედეგია?
დიახ, წელს პირველად, აბიტურიენტები 4 გამოცდას აბარებენ. სახელმწიფო გრანტიც ამ ოთხივე გამოცდის შედეგით და არამხოლოდ უნარებით განისაზღვრება. ეს სამართლიანია. ჩვენთვის მთავარი კი, სწორედ სამართლიანი სისტემის შექმნაა. გარდა ამისა, ვინც სკოლა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე დაამთავრა, ეძლევა საშუალება, უნარები მშობლიურ ენაზე ჩააბაროს. შემდეგ, ერთი წელი, ქართული ენას დაეუფლოს და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს. წელს ასევე ტარდება მასწავლებლების სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდები... რაც შეეხება აბიტურიენტების რაოდენობას, მათი რიცხვი ცოტა არა არის. შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა დაახლოებით, 7 ათასითაა გაზრდილი. უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჯანსაღი კონკურენციაა, რამაც კარგი შედეგი მოიტანა.
გადაწყდა, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლები დღგ-თი აღარ დაიბეგრებიან. თუმცა არის საუბარი გარკვეული ფონდების შექმნაზე. ამ მხრივ, კონკრეტულად, რა გეგმები გაქვთ?
დიახ, დღგ-ს კერძო სასწავლებლები არ გადაიხდიან. მადლობა მინდა გადავუხადო კახა ბაინდურაშვილს, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები. ჩვენთან არის უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა წლიური შემოსავალი 6-8 მილიონია. ამავდროულად, მდგრადობის კონცეფცია ბევრ მათგანში არ არსებობს და სახელმწიფოს ვალია, ამაზე იზრუნოს. კარგია, რომ სახელმწიფო სასწავლებლებს შეღავათს აძლევს, მაგრამ უმაღლესმა სასწავლებელმა, განსაკუთრებით, კერძო სასწავლებლებმა სახელმწიფოსთან ერთად უნდა იზრუნონ თავიანთ ინსტიტუციურ განვითარებაზე. უმაღლესი სასწავლებლის გაკოტრება ძალიან ბევრ ადამიანსა და ოჯახს აზარალებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ისინი მხოლოდ სახელმწიფოსა და ჩვენს შეღავათებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ მათ ”ინდაუმენტის” ფონდების შექმნა. ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ეს ფონდები ევროპასა და ამერიკაში ეფექტურად მუშაობს.
იქნებ დააკონკრეტოთ, რას ნიშნავს ”ინდაუმენტის” ფონდები?
უმაღლესი სასწავლებლის შემოსავალი ბანკში იდება. სასწავლებელი მოიხმარს მის პროცენტს. ეს კეთდება იმისთვის, რომ სასწავლებლის შემოსავალი მხოლოდ ადმინისტრაციის ხელფასებსა და პრემიებზე კი არ გაიწეროს, არამედ, სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას მოხმარდეს. როცა არსებობს ბაზა, რეზერვი, სასწავლებელი ყველანაირ რყევას გაუძლებს და გაკოტრების რისკი თითქმის აღარ არსებობს.
ეს შეთავაზება კერძო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა მოიწონეს?
დიახ. ამ იდეას პოზიტიურად შეხვდნენ. შექმნილია ჯგუფი, რომელიც დაახლოებით, 10 დღეში, კანონპროექტს შეიმუშავებს. თუ მას მთავრობა მოიწონებს, დასამტკიცებლად პარლამენტს გადავუგზავნით. ეს სიახლე უნივერსიტეტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც ვიცი, არაერთი სიახლეა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც...
დიახ. განათლების მინისტრად დანიშვნისთანავე აღვნიშნე, რომ ჩემთვის პრიორიტეტი იქნება მოსწავლე და მასწავლებელი. ჩემი ამოცანაა, ზედმეტი გაურკვეველი ბარიერები არ არსებობდეს. ბავშვმა მხოლოდ სწავლაზე იფიქროს, მასწავლებელმა კი რა, როგორ ასწავლოს. ამიტომ, ახალი სასწავლო წლიდან იცვლება შეფასების სისტემა, რომელიც აქამდე, ძალიან რთული იყო. პედაგოგი პროცენტების თვლით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი. გავითვალისწინეთ პრაქტიკოსებისა და მასწავლებლების არგუმენტები და მივიღეთ გადაწყვეტილება _ ამიერიდან, ბავშვების შეფასების სამი კომპონენტი იყოს: საშინაო დავალებაში, საკლასო სამუშაოსა და საკონტროლოში. სამივე ნიშანს თანაბარი დატვირთვა ექნება. ბავშვებისთვის ეს ბევრად გამჭვირვალე სისტემა იქნება, მასწავლებლებისთვის კი _ მარტივი. აქამდე არსებობდა კომპონენტი, მაგალითად, საკლასო აქტიურობა. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ბუნებით აქტიურები არ არიან, სიმშვიდით გამოირჩევიან. რეალურად, ასეთმა ბავშვმა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იცოდეს ვიდრე აქტიურმა, მაგრამ ვერ ამჟღავნებს. ამიტომ, ასეთი ბავშვები არ უნდა დაიჩაგრნენ. ჩემთვის მთავარია, ბავშვებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა. სწორედ იმის შეგრძნებამ, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, ბავშვს შეიძლება მძიმე ტრავმა მიადგეს.
გარდა ამისა, ზუსტად იქნება განსაზღვრული არდადეგების თარიღი, რომელიც აღარ შეიცვლება. ეს ფაქტორი მშობლებისთვის, რომლებიც შვებულებას იღებენ და სურთ, შვილებთან ერთად დაისვენონ, მნიშვნელოვანია. ახალი სასწავლო წლიდან, სწავლა ყოველთვის 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დამთავრდება (პირველ და მეთორმეტე კლასელები სწავლას 24-25 მაისს დაამთავრებენ). დიდი არდადეგები 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება და იქნება კიდევ ერთი, მცოცავი, სააღდგომო არდადეგები, რომელიც დიდ ხუთშაბათს დაიწყება და აღდგომის შემდეგ ოთხშაბათს დასრულდება. სიახლეა ისიც, რომ ტრიმესტრების ნაცვლად, იქნება სემესტრები, რაც მასწავლებლების დაჟინებული თხოვნა იყო. შეიცვლება ჟურნალებიც _ ის გახდება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და მისი გაყალბებისთვის, საჯარიმო სანქციები დაწესდება. გარდა ამისა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა დავიცვათ მოსწავლეთა უფლებებიც, რაც სკოლაში კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს.
მოსწავლეთა უფლებების დაცვა როგორ მოხდება?
ამ დღეებში მოვაწერ ბრძანებას ხელს, რომლის საფუძველზეც, სკოლაში შემოდის გასაჩივრების მექანიზმი. ბავშვს, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიშანი უსამართლოდ დაუწერეს, უფლება ექნება მოითხოვოს, კომისიის წინაშე დაამტკიცოს თავისი ცოდნა. კომისიას შექმნის დირექტორი და მასში ერთ წევრი აუცილებლად რესურსცენტრის ან სამინისტროს წარმომადგენელი იქნება. გარდა ამისა, შეიცვლება ის ცუდი პრაქტიკა, როდესაც მშობელთა კრებაზე ყველას თანდასწრებით ერთ ბავშვს აკრიტიკებენ, ხოლო მეორეს ხოტბას ასხამენ. ახალი წესის თანახმად, მასწავლებელი ვალდებული ხდება, ბავშვის მშობელთან მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური ურთიერთობა ჰქონდეს.
შემოგვაქვს, კლასის დამრიგებლის საათიც _ კვირაში ერთი საათის განმავლობაში, დამრიგებელი ბავშვებთან ზოგად, ჰუმანურ, პატრიოტულ თემებზე ისაუბრებს. დაწყებით კლასებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სკოლაში ბრუნდება დისციპლინა, წესრიგი. სკოლა ეცდება, ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელიც. თუმცა იმ მშობელზე, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს შვილის აღზრდას, ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდება და საჯარიმო სანქციები დაწესდება. ადმინისტრაციულ კოდექსში ეს მუხლი აქამდეც იყო, მაგრამ ”მკვდარ მუხლად” ითვლებოდა.
საინტერესოა, როგორ უნდა განსაზღვროთ, მშობელი პასუხისმგებლობას თავს არიდებს თუ არა?
თუ სკოლის დირექტორი რამდენჯერმე დაიბარებს მშობელს და სთხოვს, ზეგავლენა მოახდინოს თავის შვილზე, აუხსნას, რომ მაგალითად, არ უნდა სცემოს თანაკლასელი და ა.შ. ხოლო მშობელი არ რეაგირებს, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. პირველ ჯერზე 100 ლარის, მეორედ კი _ 200 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თუ მოსწავლე დაარღვევს შინაგანაწესს, დირექტორს აქვს უფლება სანქციები მის წინააღმდეგაც გამოიყენოს. იქნება ეს საყვედური, მშობლის დახმარება თუ სკოლისთვის სასარგებლო შრომა, მაგალითად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის დალაგება. ქვეყანაში ბევრი ე.წ. ექსპერტი გამოჩნდა, რომლებიც შორს არიან განათლების სისტემისგან და თავის ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ისეთი პრეტენზიები წარმოთქვეს, თითქოს `მერსედესს~ ვაწყობთ, მაგრამ მინისტრი მასზე `ჟიგულის~ ნაწილების მიმაგრებას ცდილობს. ეს ასე არაა. უსაფრთხო სკოლის პრობლემა, ქვეყნის გლობალური პრობლემაა. სკოლაში მანდატურების შეყვანამ რომ გაამართლა, ამას სტატისტიკა ადასტურებს _ დანაშაულმა სკოლებში საგრძნობლად იკლო. გარდა ამისა, ბავშვი სკოლაშივე ეჩვევა წესრიგს და შემდეგ, საზოგადოებაში ინტეგრირება არ გაუჭირდება.
ბატონო დიმიტრი, აქ სხვა პრობლემებზეა საუბარი. თუნდაც იმაზე, რომ მანდატური შეიძლება 20 წლის ბიჭი იყოს, რომელსაც არ ექნება უმაღლესი განათლება. ასეთი ადამიანისა და 15-16 წლის გოგონების ურთიერთობისას კი, ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას.
გამოდის, ჩვენ ვსაუბრობთ შეთქმულებების თეორიებზე. ყველაფერს ხომ, კონტრარგუმენტი აქვს. ზოგადად კი, ყველაფერზე ძალიან კარგად ციფრები მეტყველებს _ მანდატურობის 700 მსურველიდან, მხოლოდ 30-მდე თუ ლახავს ზღვარს. ისინი სამეტაპიან, ურთულეს კონკურსს გადიან. აბარებენ ასევე ფსიქოტესტსაც. მერწმუნეთ, ძალიან კარგად გვესმის პასუხისმგებლობა და ვცდილობთ, შეცდომა არ გაგვეპაროს. მანდატურების სკოლაში შეყვანა რომ დროული და აუცილებელი იყო, მშობლების არაერთმა მადლობამ და ჩემს მიერ უკვე ხსენებულმა სტატისტიკამაც დაამტკიცა.
ბევრისთვის, საპირისპიროდ, ის დაამტკიცა, რომ იურისტმა შაშკინმა, სკოლა ციხეს დაამსგავსა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომდე მრავალი წელი ამერიკულ კორპორაციაში ვმუშაობდი. ხოლო ვინც მაგას ამბობს, ვთხოვ, ეს კითხვა იმ მშობლებს დაუსვან, ვისი შვილიც თანატოლებმა სკოლის კედელზე მიალურსმნეს... ან იმ ბავშვის მშობლებს, რომლის შვილიც ჰაერში ოთხჯერ ააგდეს, მერე ხელი გაუშვეს და ორივე ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში, თვეობით იწვა... ქვეყანაში 75 ათასი მასწავლებელია. ისეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, ყველა კმაყოფილი იყოს. მითუმეტეს, არაა გამორიცხული, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ამ პროფესიას არ შეეფერება და კოლეგებს ჩრდილს აყენებს. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები ბოროტად იყენებენ თავის თანამდებობას. მარტივ მაგალითის გეტყვით, ბავშვებს გვირგვინის შესაძენად აგზავნიან, შემდეგ პანაშვიდზე რომ წავიდნენ. არცერთი მშობელი არ უშვებს შვილს სკოლაში იმისთვის, რომ მან გაკვეთილების პერიოდში, მასწავლებლის ახლობლის პანაშვიდზე მისატანი გვირგვინისთვის ირბინოს. ეს ბავშვების უფლებების დარღვევაა.
ამიტომ უბრძანეთ თუ მიუთითეთ დირექტორებს, მასწავლებლები გაათავისუფლონ?
თქვენ გჯერათ ამის?
დირექტორები ამბობენ, რომ ეს მითითება მიიღეს. არიან მასწავლებლები, რომლებიც უკვე დაითხოვეს...
2 წლის განმავლობაში, სამინისტრო სკოლის საშტატო განრიგის დამტკიცებაში არ ერეოდა და ამან სრული ქაოსი გამოიწვია, სკოლებში 105 სახეობის თანამდებობა აღმოვაჩინეთ. იცით, რა ხდებოდა? თითო მასწავლებელზე, თითო ჩინოვნიკი ჰყავდათ გაფორმებული. შტატები ხელოვნურად იყოს გაბერილი. 2-ჯერ შევკრიბე დირექტორები და ვთხოვე, წელს საშტატო განრიგი წარმოედგინათ. ისიც ვთქვი, რომ მთვლელებს (ბავშვების), დეკორატორებს, მეტაბელეებსა და 8 მოადგილეს არ დავუმტკიცებდი! ასევე ვუთხარი, რომ მასწავლებლებს საათები გადაუნაწილონ. თქვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო იქნება ავუხსნათ, რომ მასწავლებლისთვის სრული განაკვეთი 18 საათია. ამის ზევით მასწავლებელი ანაზღაურებას არ იღებს. ამიტომ დირექტორებს ვუთხარი, 23 საათის მქონე პედაგოგების საათები იმათთვის გადაენაწილებინათ, ვისი გაკვეთილების რაოდენობა 12 საათს არ აღემატებოდა. დირექტორების 99%-მა ადექვატურად მიიღო ეს განცხადება. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მაგალითად, ყველას დაუწერა 18-18 საათი, დარჩენილი მასწავლებლები კი გაათავისუფლა. ასეთი დირექტორები, უკვე გათავისუფლდნენ.
სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მასწავლებლის აყვანა-გათავისუფლების საკითხს მხოლოდ დირექტორი წყვეტს. მინისტრი ამაში არ ერევა. არც ბრძანება დამიწერია და არც მითითება მიმიცია, მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა. თუმცა, რამდენიმე არაკეთილსინდისიერმა დირექტორმა, პირადი ანგარიშსწორების გამო, მასწავლებლები გაათავისუფლა და თანაც, თქვა, რომ ამას სამინისტროს მითითებით აკეთებს. მივმართავ ყველა პედაგოგს _ თუ დირექტორი უსამართლოდ, ჩვენი სახელით გაგათავისუფლებთ, მაშინვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენინსპექციას მიაკითხეთ, რადგან სამინისტროდან ასეთი მითითება არ ყოფილა.
მასწავლებლების გარდა, დირექტორებმა ექთნებიც გაათავისუფლეს. გულწრფელად გჯერათ, რომ მანდატური ექიმის ფუნქციას შეითავსებს?
დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მინისტრად რომ დავინიშნე, ეს ე.წ. ექსპერტები ამბობდნენ, რა საზიზღარი მინისტრია, ექიმები გაყარა სკოლებიდანო. ახლა იგივე ხალხი ამბობს, ექიმებს ათავისუფლებენო. ლოგიკა სად არის? თუ ადრე გავათავისუფლე, ახლა ვიღას ვათავისუფლებ? მანდატური ექთნისა და ექიმის ფუნქციას ვერ შეითავსებს! ყველა ექთანი და ექიმი გადაყვანილია შტატგარეშე თანამშრომლად, ხელშეკრულებით. ამის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს სტანდარტი, რას უნდა აკეთებდეს სკოლაში ექიმი, ან როგორ უნდა შემოწმდეს მისი კვალიფიკაცია, ან რა ლიცენზია უნდა ჰქონდეს მას, რომ სკოლაში იმუშაოს. პირიქით, ამ საკითხზე სადაზღვევო კომპანიებთან გვაქვს მოლაპარაკება, 5 სკოლაში უკვე შევიდნენ და სამედიცინო კაბინეტს აკეთებენ, რაც ბავშვებისთვის უფასო იქნება. ექიმები სკოლაში დარჩებიან, უბრალოდ, პარალელურად, სტანდარტი მომზადდება. ისიც თქვეს, ბიბლიოთეკარები გაყარესო. ესეც ტყუილია! სექტემბრიდან ვიწყებთ ბიბლიოთეკების შევსებასა და წიგნებით გამდიდრებას... ზოგიერთ პატარა სკოლაში ბიბლიოთეკარიც ჰყავდათ, საქმის მწარმოებელიცა და ორგანიზატორიც. ვთხოვეთ, ერთ ადამიანს შეეთავსებინა საქმე და ხელფასიც მეტი აეღო. ესაა და ეს. ვიმეორებ, გაბერილ შტატებს, მასაჟისტებს, მთვლელებს, მეტაბელეებსა და 8-8 მოადგილეს, არცერთ დირექტორს არ დავუმტკიცებთ!
თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ უბრალოდ, გებრძვიან? თქვენს წინააღმდეგ ყოველდღე, არაერთი ბრალდება ისმის. მასწავლებლების პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე, საერთოდ, იმასაც ამბობს, მინისტრი ჩვენს საქმიანობაში უხეშად ერევაო.
არ მიმაჩნია, რომ მე მებრძვიან. ეს პრობლემა, ალბათ, ყველგან არსებობს _ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ საზოგადოებაში არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც რატომღაც, თავი ხალხზე მაღლა აქვთ დაყენებული და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაზე გავლენა უნდა მოახდინონ. საქართველოში ძალიან გონიერი საზოგადოებაა. ხალხი ხვდება, ვინაა მტყუანი და ვინ მართალი. ე.წ. ექსპერტები იმასაც ამბობენ, შაშკინი სამინისტროში სატანისტურ რიტუალებს ატარებსო. არგუმენტად კი, იცით, რა მოჰყავთ? _ თურმე, სკოლის ნიშნებს არ ვამრგვალებ, წილადი ეშმაკისაა და შესაბამისად, მე ვარ სატანა. ამაზე რა უნდა ვთქვა? საზოგადოება თავად განსჯის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მუდმივად სურთ, თეთრზე შავი იძახონ. ეს მათი პრობლემაა. ისიც თქვეს, მანდატურების ხელფასების გადახდა შაშკინმა დირექტორებს მოსთხოვაო. ტყუილია! მანდატურების ხელფასებს სამინისტრო გადაიხდის. თუნდაც იცით, რომელი დანაზოგით? _ დირექტორებს ბავშვები სხვადასხვა სკოლაში რომ ჰყავდათ გაფორმებული. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა ელექტრონული ბაზა გავაკეთეთ, გაირკვა, რომ სამინისტრო, დაახლოებით, 2600 ბავშვის ვაუჩერს ტყუილად იხდიდა. ეს თანხა გამოთავისუფლდა. არც ისაა სწორი, თითქოს მანდატურებს 800 ლარს ვუხდით. რეალურად, მათი ხელფასი 400 ლარია.
რაც მასწავლებლის ხელფასს აღემატება. ეს სამართლიანია?
მანდატურის ხელფასი მასწავლებლის ხელფასზე, მხოლოდ და მხოლოდ, 20 ლარით მეტია. მასწავლებელი დღეში 4-5 საათს მუშაობს. მანდატური _ 10-12 საათს.
გასაგებია, მაგრამ იმას ხომ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს მანდატური და რას _ მასწავლებელი?
გეთანხმებით, მაგრამ მანდატურის პასუხისმგებლობა არანაკლებ დიდია. თანაც, ის მუშაობს 2-ჯერ მეტს. გარდა ამისა, მას, მასწავლებლისგან განსხვავებით, არ აქვს დაზღვევა და სხვადასხვა შეღავათი. ძალიან მინდა, გავზარდო მასწავლებლების ხელფასი და ამას აუცილებლად გავაკეთებ. როგორც იცით, მალე მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება. გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს ხელფასი მოემატებათ, გარდა ამისა, მათ მენტორ მასწავლებლად მუშაობის უფლება ექნებათ, რაც ხელფასზე 160 ლარიან დანამატს გულისხმობს.
რაც შეეხება პროფკავშირებს, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ სამინისტრო პროფკავშირების საქმიანობაში არ ერევა! ქალბატონ მანანა ღურჭუმელიძეს უამრავჯერ შევხვდი. იგი თითქმის ყველა იმ კომისიაში მოვიწვიეთ, რაც სამინისტროშია შექმნილი. კონსტრუქციულ ურთიერთობას ახლაც ვთავაზობ. თუმცა არის ერთი რამ, რასაც არ უარვყოფ _ მასწავლებლის უფლებებს ვერავინ შელახავს! პროფკავშირების ბიუჯეტი მხოლოდ სკოლებიდან შესული თანხებით, უზარმაზარი თანხაა. ეს მისასალმებელია, მაგრამ არსებობს კანონი, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება. ცხადია, ყველა ადამიანი არჩევანში თავისუფალია. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ხელფასს. მასწავლებელს შეუძლია, თავისი ხელფასი, ვისაც უნდა და რამდენიც უნდა, იმას გადაურიცხოს, მაგრამ თუ ვინმე ითხოვს, რომ სკოლამ ორგანიზებულად გადმორიცხოს მასწავლებლების ხელფასი, კანონით, ორი მარტივი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს _ პირველი, მასწავლებლის წერილობითი თანხმობა და მეორე, სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულება. თუ ამის თანხმობის გარეშე მასწავლებლის ხელფასი რაღაც ანგარიშზე ირიცხება, ამას 21-ე საუკუნის რეკეტი ჰქვია. ეს იგივეა, ჯიბიდან ვიღაცამ ფული ამოგაცალოთ. თუ მიიჩნევს ვინმე, რომ ამ საკითხში მართალი არ ვარ, სასამართლოს მიმართონ. რამდენიმე თვის წინ ყველა პროფკავშირი გავაფრთხილე, რომ ეს ურთიერთობები მოეწესრიგებინათ, მაგრამ არ გააკეთეს. სამწუხაროდ, 6 სკოლის დირექტორმა მაინც გადარიცხა თანხა. არასასიამოვნოა, მაგრამ გენინსპექცია იქ უკვე შესულია, მასალები მზადდება და პროკურატურას გადაეცემა. ის დირექტორები კი ხვალ, ცხადია, განაწყენებულები, პრეტენზიებს გამოთქვამენ. `ალუმნის~ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო მოსამსახურეებმა, ვისაც რამდენის საშუალება ჰქონდა, საკუთარ სკოლას თანხა გადაურიცხა. 1 მილიონი ლარი შემოვიდა სხვადასხვა სკოლაში. ეს იყო სხვადასხვა მოხელის, მშობლების... შემოწირულობა. ამ ფულით, ზოგი სკოლა რემონტს აკეთებს, ზოგი პრემიებს წერს... ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა კი მასთან შესული თანხა პროფკავშირს გადაურიცხა. ეს საქმე უკვე სასამართლოშია. ზოგი პროფკავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 300 ათასი წევრი ჰყავს, ზოგი 120 ათასს ასახელებს, ვეღარ გავერკვიე, რადგან რეალურად, ქვეყანაში 75 ათასი პედაგოგია.
მასწავლებლების უფლებებს არავის შევალახვინებ. პრობლემაც აქედან გაჩნდა და უსაფუძვლო ბრალდებებიც მივიღეთ.
ბრალდებათაგან ერთ-ერთი ისიც იყო, რომ დირექტორებისთვის გითქვამთ, კაბინეტებში ხატები ჩამოხსენითო...
ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. სასჯელაღსრულებაში რომ ვიყავი, გავრცელდა ჭორი, რომ პატიმრებს `ქრისტე აღსდგას~ თქმას ვუკრძალავდი. მათ კი ვინც ამბობდა, `ჭეშმარიტად!~ _ კარცერში სვამდნენ. ახლა მეორე სერია დაიწყო. რა აბსურდამდე უნდა მივიდეს ადამიანი, რომ ეს თქვას და გააკეთოს! სამინისტროში შექმნილია კომისია, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს აგვარებს. საპატრიარქოსთან ერთად, ბევრი ძალიან კარგი საქმე კეთდება, ბევრი პროექტი ხორციელდება. ამ თემზე მეტს არაფერს გეტყვით.
გასაგებია, მაგრამ კვამლი უცეცხლოდაც ხომ არ ჩნდება. დირექტორებთან შეხვედრისას ხატებზე საუბარი, საერთოდ, გქონდათ თუ არა?
არა. თუმცა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. მასში ჩაიწერა, რომ _ `სკოლაში იკრძალება პოლიტიკური ან რელიგიური პროპაგანდა. გარდა რელიგიური სკოლებისა~. ეს საპატრიარქოსთვისაც მისაღებია. ვისაც პრობლემა აქვს აღქმასთან დაკავშირებით, გადაშალოს წიგნი და წაიკითხოს, რას ნიშნავს სიტყვა `პროპაგანდა~. სხვათაშორის, ქალბატონ მანანა ღურჭუმელიძესთან პრობლემები ამ პროპაგანდის გამოც წარმოიშვა _ მასწავლებლებთან შეხვედრისას, პროფკავშირი წიგნებს ყიდდნენ. არ შეიძლება პედაგოგებთან შეხვედრა ამისთვის გამოიყენო.
კიდევ ერთი სიახლე, სკოლების ბრენდირებაა. როგორც ითქვა, ათვარსკვლავიანი სკოლის მოსწავლეები, ატესტატის ასაღებად გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. არ ფიქრობთ, რომ ასე შეიძლება ნაკლებვარსკვლავიანი სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დაიჩაგრონ?
საზღვარგარეთ, ამ პროცესს, რანჟირება ჰქვია. ჩვენ, უბრალოდ, საქართველოში უფრო გავრცელებული ტერმინი გამოვიყენეთ. ეს ინსტიტუტი, სკოლებს შორის კონკურენციას ქმნის. ჩვენთან არის საზოგადოებრივი აზრი, თითქოს ყველაზე კარგი სკოლები ქალაქის ცენტრშია. არადა, დამიჯერეთ, ბევრად უკეთესი სკოლაა გარეუბანში. ბრენდირებით, მშობლებს, ეცოდინებათ, როგორ სკოლაში მიჰყავთ შვილები და მხოლოდ იმაზე არ იფიქრებენ, სადმე, პრესტიჟულ უბანში მდებარე სკოლაში შეიყვანონ. რაც შეეხება გამოცდებს, ის სკოლა, რომელსაც ექნება 10 ვარსკვლავი (და ასეთი იქნება ძალიან ცოტა), გამოცდებს თავად ჩაატარებს. ჩვენ მოვახდენთ ჩვენი უფლების დელეგირებას, ჩავატაროთ მინიმალური კომპეტენციის გამოცდა. ანუ, ვენდობით იმ სკოლაში ჩატარებულ გამოცდებს. ასე რომ, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ვინც სწავლობს, გამოცდებს არ აბარებს.
როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემა შექმნა ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის სახეობებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით _ სკოლებს არ აქვთ სპორტული მოედნები, სადაც გოგონები და ვაჟები, ცალ-ცალკე, სპორტის სახეობებს დაეუფლებიან.
ფიზკულტურა სპორტით იმიტომ შევცვალეთ, რომ ამ საგნის სასწავლო გეგმა საბჭოური გადმონაშთი იყო. ეწერა, რომ უნდა ახტეთ 4-ჯერ, ჩაიბუქნოთ 5-ჯერ და ასე შემდეგ. სკოლაში სპორტის სახეობის შემოტანით, სწავლის პროცესი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო გახდება. სკოლა აირჩევს სპორტის სახეობას და შემდეგ, დარბაზებს იმის მიხედვით მოვაწყობთ. სადაც არ არის ამის საშუალება, ამ სკოლას მივაბამთ ახლომდებარე სტადიონს. სკოლებში შიდა ლიგები იქმნება. სპორტის გაკვეთილი 3 ნაწილად იქნება გაყოფილი: საერთო ფიზიკური მომზადება, სპორტის კონკრეტული სახეობის ტექნიკა და თამაში. აგვისტოში, ფიზკულტურის მასწავლებლებს გადავამზადებთ. სექტემბრისთვის კი, სკოლების უმრავლესობაში სპორტის დარბაზების გარემონტება დასრულდება.
სექტემბრიდან სკოლაში 5 წლის ბავშვებიც მივლენ. ფსიქოლოგები ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. არ ფიქრობთ, რომ ეს ბავშვების უფლებების შელახვაა?
არა. ინგლისში, ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, სკოლებში 5 წლის ბავშვები შედიან. თუ რომელიმე ფსიქოლოგი დამიმტკიცებს, რომ საქართველოში მაცხოვრებელი ბავშვი, 5 წლის ასაკში გონებრივად უფრო ჩამორჩენილია, ვიდრე ევროპელი ან ამერიკელი, ამ საკითხზე კიდევ ვიფიქრებ. გარდა ამისა, ეს არის ნებაყოფლობითი. რომელ მშობელსაც არ ენდომება, 5 წლის ასაკში შვილი სკოლაში შეიყვანოს, არ შეიყვანს. ასევე, იქმნება სპეციალური პროგრამები.
პირველი კლასებისთვის ხდება პროგრამის ადაპტირება. ზოგადად, აქამდეც ბევრი 5 წლის ბავშვი მიდიოდა სკოლაში და ამაში ტრაგედიას ვერავინ ხედავდა. ისეც ხშირად ხდებოდა, რომ 6 წლის ასაკში, პირველ კლასში შესული ბავშვისთვის, სკოლის პროგრამა უინტერესო იყო, რადგან ბევრი რამ უკვე იცოდა. ამ დროს, ბავშვი სწავლის ინტერესს კარგავს, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა.
გასაგებია. ბატონო დიმიტრი. საუბრის ბოლოს, იქნებ ისიც მითხრათ, ჟურნალისტებს რას გვერჩით, მასწავლებლებსა და დირექტორებს ჩვენთან კომენტარების გაკეთება და ურთიერთობა რატომ აუკრძალეთ?
ესეც საინტერესო ბრალდებაა. მასწავლებლებზე ლაპარაკი არც ყოფილა. რეფორმები რომ დავიწყეთ, დირექტორებს ვთხოვეთ, რომ როდესაც მათთან ჟურნალისტი მივიდოდა, საქმის კურსში ჩავეყენებინეთ, რადგან ყოველ წუთს ბევრი რამ იცვლებოდა, შეიძლებოდა დირექტორი იმ მომენტისთვის ჯერ არ ყოფილიყო საქმის კურსში და უხერხული მომენტი შექმნილიყო. ეს იყო და ეს. არანაირი მითითება, მითუმეტეს აკრძალვა არ ყოფილა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეეწყვიტათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, პირიქით, სამინისტრო, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობით დაინტერესებულია.