საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო ბლოგების კონკურსში „გაიცანით ჩემი რაიონი“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა შორის იყვნენ მოსწავლეები თელავის, რუსთავის, ზუგდიდის, ხაშურის, მესტიის, ქუთაისისა და თბილისის სკოლებიდან.
სასკოლო ბლოგების კონკურსი „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა და იგი ორიენტირებული იყო მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის, სოფლისა თუ ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებს მოკვლეული ინფრომაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოედგინათ ბლოგის სახით.
ბლოგებში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ორი ძირითადი მიმართულების ინფორმაცია:
1. ლოკალური გარემოს ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა, თავისებურებები.
2. დღეს არსებული პრობლემები და საჭიროებების ანალიზი.
მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაცია საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა კერძოდ, გარემოს დაცვითი, ეკონომიკური, სოციალური საკითხები, ადათ-წესები, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები და სხვ. მოსწავლეებმა ასევე ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა გარემოს პერსპექტივებისა და მომავალი განვითარების კუთხით.