საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი დაინიშნა.
ირმა რატიანი ოცზე მეტი საერთაშორისო საგრანტო პროექტის ავტორი, ხელმძღვანელი და შემსრულებელია. სწორედ მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ლიტერატურული ასოციაციის, ქართული განყოფილება. 2008-2012 წლებში ირმა რატიანი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2102 წლიდან დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია.
ირმა რატიანი - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, - საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორია, რომელიც 2007 წლიდან დღემდე, თბილისში ყოველწლიურად ტარდება და ყოველ წელს სხვადასხვა აქტუალურ ლიტერატურულ თემას ეთმობა.
მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. გარდა სამეცნიერო თარგმანებისა, მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის - „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად. მასვე ეკუთვნის ესეისტური წიგნი - „იაპონური დღიურები“.
ირმა რატიანი არაერთი საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი და საერთაშორისო გამოცემების ექსპერტია. ის წარმატებით ატარებს ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ( იხ. მიბმული დოკუმენტი - ირმა რატიანის ბიოგრაფია).
მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდა. შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს შეუერთდნენ და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ.
სსიპ - "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და სსიპ - "მწერალთა სახლი" გაერთიანდა და მათ ბაზაზე სსიპ "ლიტერატურის ეროვნული ფონდი" შეიქმნა.
ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა. ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა დაფინანსების სპეციალური მექანიზმების საშუალებით; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა განათლების ყველა საფეხურზე და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და მთარგმნელთა პროფესიული ქსელების განვითარება; ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სსიპ-ების ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 8 მაისს ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის N 213 დადგენილების პირველი მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად ხორციელდება სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ - მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე იქმნება სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.
ირმა რატიანი უახლოეს დღეებში გაერთიანებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.